„ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, უნდა დასანქცირდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში? შეურაცხმყოფელია ეს რეზოლუცია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, უნდა დასანქცირდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში? შეურაცხმყოფელია ეს რეზოლუცია“ –
ევროპარლამენტის 450 დეპუტატი გვეუბნება, რომ , რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, უნდა დასანქცირდეს და სააკაშვილი, რომელიც იყო მთავარი დამანგრეველი, უნდა გამოვშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში? ეს რეზოლუცია უსამართლო და შეურაცხმყოფელია. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რა მიზანი ჰქონდა ევროპარლამენტის ამ რეზოლუციის მიღებას. მინდა, ცოტა უფრო შორიდან შემოვუარო ამ საკითხს. გავიხსენოთ, რა მიზანი ჰქონდა ორი წლის წინ იმ შეურაცხმყოფელ, უსამართლო რეზოლუციას, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა. თანაც როდის, ივნისამდე, როცა ევროკომისიას უნდა განეხილა ჩვენი საკითხი. ასევე უკრაინისა და მოლდოვის საკითხი. ანუ ქვეყანას მისცემდნენ თუ არა კანდიდატის სტატუსს. წარმოიდგინეთ, ასეთ ვითარებაში, ოკუპირებული ქვეყანა, სადაც ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და რუსის ჯარი გვიდგას ჩვენს ტერიტორიაზე, მიატოვეს, პირდაპირ გაწირეს არეულობისთვის.
ეს რეზოლუცია ვინც დაალობირა, პოლიტიკური ჯგუფის მიერ იყო დაორგანიზებული. ევროპაში „ნაცმოძრაობის“ დედა პარტიის, მთავარი მოკავშირე პარტიის, „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ იყო ლობირებული სამარცხვინო და უსამართლო რეზოლუცია. ქვეყანა მაშინ გაწირეს და უსამართლო რეზოლიცია იქნა მიღებული. მიზანი იყო რევოლუციის მოხდენა ქვეყანაში. ეს მარტივი საკითხი იყო და არის. სამ წელიწადში ქვეყანაში რევოლუციის მოხდენის სამი მცდელობა იყო. მაშინ, როცა ქვეყანა ელოდებოდა ისტორიულ გადაწყვეტილებას, გაკეთდა ჩანაწერი, რომ ქვეყანას არ უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი. ეს ხომ იყო საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს იყო პირდაპირ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მიმართული რეზოლუცია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია, მისთვის, როგორც მოქალაქისთვის, შეურაცხმყოფელია.
„ახლა რაც შეეხება ბოლო ამ რეზოლუციას. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ეს არის შეურაცხმყოფელი. ე.ი. რას გვეუბნება ევროპარლამენტის 450 დეპუტატი, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, ეს საშინელი მჩაგვრელი ავტოკრატიული, დიქტატურისკენ მიმავალი რეჟიმი მოაცილა ქვეყანას, რეალური დემოკრატიის დამკვიდრება დაიწყო და დაამყარა, ქვეყანას მოუტანა თავისუფლება, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და სტატუსი. აღარ გავიმეორებ მის სხვა დამსახურებებს, რომელიც მას გაწეული აქვს ქვეყნის წინაშე. ამ კაცზე ამბობენ, რომ უნდა დასანქიცრდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, ვინც მოიტანა ომი, ნგრევა, უბედურება, ადამიანების წამება, გაუპატიურება, ჩაგვრა, ბიზნესის რეკეტი – ეს კაცი უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში? რატომ? რომ დაიწყოს მან ომი. უბედურება გაიმეოროს, ხელმეორედ და საბოლოოდ დაანგრიოს ჩვენი ქვეყანა. ჩვენთვის ამას ნიშნავს ეს რეზოლუცია. ამიტომაც, ეს არის მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელი რეზოლუცია,“ – აღნიშნა მან.