ირაკლი ქადაგიშვილი – წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი პოლარიზაციის, დესტაბილიზაციისა და არასწორი პოლიტიკური პროცესების განსავითარებლად იყო გამოყენებული – ამ შესაძლებლობის დაკარგვა არ უნდათ

წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი გამოყენებული იყო ქვეყანაში პოლარიზაციის, დესტაბილიზაციისა და არასწორი პოლიტიკური პროცესების განსავითარებლად – ამ შესაძლებლობის დაკარგვა არ უნდათ და ეს ყველაფერი ამის გამოა ატეხილი! – აღნიშნული განცხადება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
ქადაგიშვილის თქმით, კანონის ამოქმედების შედეგად, “შავი, დახურული ფულის ადგილი გაქრება და ღია და გამჭვირვალე საქმიანობის ადგილი გაიხსნება“.
როგორც მან ამ კონტექსტში განმარტა, “დღეს პროექტები და მათი მიზნები დახურულია, მაგრამ როცა გახდება ღია რომელი ფონდებიდან, რომელი ორგანიზაციებისთვის, რა მიზნების განსახორციელებლად გამოიყოფა თანხა, მანიპულაცია აღარ იქნება შესაძლებელი“.
„კანონპროექტში სიტყვა “აგენტი“ საერთოდ არ წერია, მაგრამ იმისათვის, რომ გამჭვირვალეობა არ იყოს უზრუნველყოფილი, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საზოგადოების მიმართ ღიაობის გარდა ყველაფერზე ილაპარაკონ. ამაზე საუბარი არ სურთ! თითიდან გამოწოვილი ყველა პრობლემა შეუძლიათ გიგანტურ სტიქიად გახადონ, მაგრამ სიტყვას არ ძრავენ იმაზე, თუ რატომ არის გამჭვირვალეობა ყველაზე უფრო დამღუპველი რამ ევროპისთვის, საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის. მათ ჰგონიათ, რომ ეს ქვეყანა ქვეყანა არ არის, საზოგადოება საზოგადოება არ არის და მხოლოდ ისინი იმსახურებენ, რომ რჩეული კასტა იყვნენ, დანარჩენმა საზოგადოებამ კი იმდენი უნდა იცოდეს, რასაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ. არასამთავროების საქმიანობა ყველგან გამჭვირვალეა და მხოლოდ ჩვენთან არ ეს მიუღებელი. ელემენტარული გამჭვირვალეობა არ უნდათ. არგუმენტი არავის არა აქვს და ბრმად ამბობენ, რომ ეს ევროპის იდეას ეწინააღმდეგება. რატომ ეწინააღმდეგება, ამას დაწვრილებით რომ ჩაყვები ვერავინ აგიხსნის! კანონის მიღების შედეგად გაქრება დახურული, არაკანონიერი, არაკონსტიტუციური საქმიანობა და იქნება ღია კონსტიტუციური, ევროპული პრინციპების შესაბამისი საქმიანობა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.