საქართველოს აქვს არჩევანი – ან ეს კანონი, ან ევროკავშირი. საქართველო დაკარგავს ყველანაირ შანსს გახდეს ევროკავშირის წევრი, ვიდრე ეს კანონი მოქმედებაში იქნება შესაბამისად, ვიდრე „ ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ევროპარლამენტში გამართულ დისკუსიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, მმართველი პარტია თავისუფალი მედიისა და საზოგადოების მიერ განიხილება არა როგორც ხალხის ინტერესების დამცველი, არამედ როგორც ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი, აქციების უკანონოდ დამშლელი და საქართველოს ევროპისკენ გზაზე შემაფერხებელი.
„გუშინდელ განხილვაზე სახელები და გვარები ისმოდა, ვიდეოებს უყურებდნენ და ჩემთან შეკითხვები იყო ამ ხალხთან დაკავშირებით. ჩემი პასუხი არის ერთადერთი – ის, რაც წერია ქართულ მედიაში შეესაბამება სინამდვილეს, ეს ხალხი მთელი თავისუფალი მედიისა და საზოგადოების მიერ განიხილება არა როგორც ხალხის ინტერესების დამცველი, როგორიც უნდა იყოს პოლიცია და მისი მაღალჩინოსანი, არამედ როგორც ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი, აქციების უკანონოდ დამშლელი და საქართველოს ევროპისკენ გზაზე შემაფერხებელი. სხვათა შორის, არამარტო ლიეტუველმა პარლამენტის წევრმა ახსენა, არამედ მარკეტა გრეგოროვამაც. ეს არის ევროპარლამენტის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. „ქართულმა ოცნებამ“ ეს თუ არ იცის, მათი პრობლემაა. ძალიან მალე, მე ჩამოვალ ევროპის დედაქალაქებში, როგორც ევროკავშირის ღირსეული ქვეყნის, ღირსეული მოქალაქე და რაც შეეხება იმ ხალხს, რომლებიც ამ სისულელეებს საუბრობენ, იმ ხალხს ექნება თავშესაფარი საძებარი რუსეთში. როგორც იანუკოვიჩი ჩასვეს სადღაც როსტოვში, ან რომელიმე სხვა ქალაქში, იქ მიუჩენენ ადგილს ზარქუას და პაპუაშვილისნაირებს. ისინი [„ქართული ოცნების“ წევრები] იქ ჩავლენ, როგორც მონები თავშესაფრის ძიებაში, ჩვენ კი ვივლით ევროპაში, როგორც ევროკავშირის ღირსეული მოქალაქეები. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ხალხი არის ევროკავშირის რადარებზე და მსუსხავი სანქციების ეფექტი მათ ძალიან მიუახლოვდათ, კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე რაიმე უკანონო და ანტიდასავლურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს არის მესიჯი და უნდა გაითვალისწინონ, თუ აღელვებთ ქვეყნისა და საკუთარი თავის ბედი. საქართველოს აქვს არჩევანი: ან ეს კანონი, ან ევროკავშირი. ასე აყენებს არამხოლოდ ევროპარლამენტი ამ საკითხს, არამედ ევროკავშირის კომისრებიც. საქართველო დაკარგავს ყველანაირ შანსს გახდეს ევროკავშირის წევრი, ვიდრე ეს კანონი მოქმედებაში იქნება შესაბამისად, ვიდრე „ ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.