რუსთავის მერია – საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ ტარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ ტარდება.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, კონკურს-ფესტივალის მიზანი, ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია და ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელშეწყობაა.
სპეციალურად „ქართულისთვის“ საფესტივალო სივრცე მოეწყო რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ტბის პირზე. ფესტივალის საზეიმო გახსნას, რუსთავის მერი , პარლამენტარები ირაკლი შატაკიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი დაესწრნენ.
„რუსთავში განწყობა ნამდვილად ქართულია, ცენტრალურ პარკში გაიხსნა ახალი ფესტივალი – „ქართული“, რომელიც პრემიერ-მინისტრის ძალიან დიდი სურვილისა და მხარდაჭერის შედეგად ტარდება და ჩვენ 27 აპრილამდე ვმასპინძლობთ როგორც რუსთაველებს, ასევე ჩვენი ქალაქის სტუმრებს. ეს ფესტივალი, ქორეოგრაფიული ანსამბლებისთვის არის ძალიან დიდი მხარდაჭერა, იმისთვის, რომ შეძლონ განვითარება და კიდევ უფრო ბევრ ახალგაზრდას გადაეცეს ის ტრადიციები, რაზეც ჩვენი ქვეყანა დგას, რითაც ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის წევრები“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
უწყების ცნობით, ფესტივალი ამ ეტაპზე რეგიონულ ფორმატში ტარდება და მასში მონაწილეობას ქვემო ქართლში მოქმედი ანსამბლები იღებენ.
„პრემიერის ინიციატივით, რუსთავში კიდევ ერთ ქართულ-ტრადიციულ ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი. ქართული ცეკვა და სიმღერა არის ერთ-ერთი მთავარი მაიდენტიფიცირებელი ჩვენი ერისა და ქვეყნისთვის. ასეთი პლატფორმა და ასეთი ფესტივალი კი მეტ მოტივაციას მისცემს ამ საქმეში ჩართულ როგორც მასწავლებლებს, ასევე ჩვენს ბავშვებს. საინტერესო კონკურსია, ძალიან დიდი ჩართულობაა და იმედი მაქვს, რომ „ქართული“ ჩვენს ქალაქში ყოველ წელს ჩატარდება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა.
კონკურს-ფესტივალში 24 ანსამბლის 1500-მდე მოცეკვავე მონაწილეობს. გამარჯვებულებს სპეციალურად მოწვეული ჟიური შეარჩევს. გამარჯვებულს გარდამავალი გრან-პრი გადაეცემა, რომელიც სპეციალურად ფესტივალის ლოგოს მიხედვით დამზადდა.
„კონკურს-ფესტივალში მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ რუსთავის, არამედ ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ბავშვებთან ერთად, ქართულ ცეკვებს შეასრულებენ აზერბაიჯანელი და სომეხი თემის ბავშვები. ყველას გეპატიჟებით რუსთავში 27 აპრილის ჩათვლით კულტურისა და დასვენების პარკში ფესტივალ „ქართულზე“, – განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, „ქართულისთვის“ ექსკლუზიურად დამზადდა ფესტივალის ლოგო, რომელზეც რუსთაველმა კალიგრაფმა ნიკა ღუნაშვილმა იმუშავა. ექსკლუზიურია მუსიკაც, რომელიც სპეციალურად „ქართულისთვის“ კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ შექმნა და რომელსაც ეთნო ჯაზ ბენდი ირიაო” ასრულებს.
„ქართულის“ საკონკურსო ნაწილი, 25 აპრილს გალა კონცერტით დაიხურება, საფესტივალო დღეები კი 27 აპრილამდე გაგრძელდება.