ნათია თურნავა EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველ დირექტორს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური ინსტიტუტების მმართველ დირექტორს ფრენსის მალიჟს და დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა EBRD-ის კავკასიის რეგიონული ხელმძღვანელი ალკის დრაკინოსი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების EBRD-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა, მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მიღწეული შედეგები. ასევე განსაკუთრებით გაესვა ხაზი EBRD-ის წამყვანს როლს საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაში.
როგორც შეხვედრისას ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკი აფასებს და მიესალმება EBRD-ის ინიციატივებს საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაში.
“ეროვნული ბანკი წლებია, მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობს EBRD-თან. განსაკუთრებით მინდა გამოვყო წარმატებული თანამშრომლობა EBRD-ის ხაზინასთან, რომელთან ერთადაც განხორციელებული პროექტის ფარგლებში სებ-მა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა იმ ქვეყნებს, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მუშაობს. მოხარული ვარ, რომ ამ მხრივ, საქართველო და ეროვნული ბანკი ამ ქვეყნებში სამაგალითოდ წარმოჩინდნენ”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
თავის მხრივ, EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ბანკი გააგრძელებს ფინანსურ სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერასა და ტექნიკურ დახმარებას.

ასევე დაგაინტერესებთ