“ცოლი არ მინდა” ესმოდა როგორც “ქალი არ მინდა” – რას წერს დავით ზურაბიშვილი

მწერალი, ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:
შედარებით გვიან დავოჯახდი, 32 წლის ასაკში (updated: მაშინ ეს ძალიან დაგვიანებულად ითვლებოდა). მანამდე, წლების მანძილზე, შეიძლება ითქვას, გული მქონდა გაწვრილებული ცხონებული მამაჩემისგან “მეიყვანებიჭოცოლი”-ს ჩიჩინით, რომელიც ყოველ ჩემს პასუხზე, რომ არ მინდა ცოლის მოყვანა, სერიოზულად აღშფოთდებოდა ხოლმე, რას ჰქვია ცოლი არ მინდა, აბა რა გინდაო. თავიდან ცოტა კი მიკვირდა მისი გაცხარება, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ცოლის მოყვანა მისთვის ოჯახის მოწყობისა და სხვა საყოფაცხოვრებო დეტალების გარდა, ქალის მიმართ სექსუალურ ლტოლვასაც გულისხმობდა და “ცოლი არ მინდა” ესმოდა როგორც “ქალი არ მინდა”. ძველი თაობის კაცი იყო, ჯერ კიდევ ს ცარისტულ იმპერიაში დაბადებული, საქართველოს პირველ რესპუბლიკამდე. ახლა, რაზე გამახსენდა ეს ამბავი? იმაზედ, რომ ახალგაზრდობის აქციები რომ მიდის ახლა, იქ უამრავი ბანერი და პლაკატია გამოტანილი, სადაც ათასგვარი რამ წერია: ალაგ სერიოზული, ალაგ სახუმარო, ალაგ იგავური, ალაგ ირონიულ-პაროდიული და ა. შ. თანაც, ეს ბანერები და ზედ წარწერილი ტექსტები, როგორც წესი, არის ინდივიდუალური და არა ზოგად-სამიტინგო დევიზი. ახალგაზრდებს ეს ყველაფერი არანაირად არ ეხამუშებათ და ამგვარ მრავალფეროვნებას ბუნებრივად აღიქვამენ, მაგრამ მათთვის, ვისთვისაც წარწერა ბანერზე ისეთივე ცალსახა იდეოლოგიური ლოზუნგია, როგორც საპირველმაისო თუ საშვიდნოემბრო პარადებზე იყო კომუნისტების დროს, ამგვარი სიჭრელე სრული კოშმარია. ეს ხალხი დაახლოებით ისევე აღიქვამს ყოველ წარწერას, როგორც მამაჩემი აღიქვამდა ჩემს უარს ცოლის მოყვანაზე და არის მერე დიდი მოთქმა-გოდება, ტირილი და ღრჭენაი კბილთა.

ასევე დაგაინტერესებთ