Forbes-ის გაყიდვის $800 მლნ-იანი გარიგება ჩავარდა – WP

ამერიკელი მეწარმისა და Luminar-ის დამფუძნებლის, ოსტინ რასელის ხელმძღვანელობით მიმდინარე ინვესტორთა ჯგუფის მიერ მედიაჰოლდინგ Forbes-ის 800 მილიონ დოლარად გაყიდვის გარიგება ჩაიშალა. The Washington Post-ი წერდა, რომ Forbes-ის მყიდველი რუსული Forbes-ის მფლობელი მაგომედ მუსაევი იყო. ამ უკანასკნელმა კი გავრცელებულ ინფორმაციას „ამაზრზენი მითი” უწოდა.
Forbes-ის სპიკერმა ბილ ჰენკსმა The Washington Post-ს განუცხადა, რომ ჰოლდინგის ამჟამინდელმა მფლობელმა, Integrated Whale Media-მ განაცხადა, რომ წყვეტს ხელშეკრულებას გაყიდვის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ მაისში გამოაცხადა რასელმა, რომ ის მედიაჰოლდინგის საკონტროლო წილის (82%) მფლობელი გახდებოდა. იმავე თვეში Axios-მა დაწერა, რომ ჰოლდინგის შეძენით რუსული Forbes-ის მფლობელი მაგომედ მუსაევი იყო დაინტერესებული.
ოქტომბერში WP-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მუსაევმა თავის პარტნიორებს განუცხადა „გლობალური Forbes“-ის შეძენის შესახებ და ამას თავისი სიცოცხლის მთავარი გარიგება უწოდა.
ამის შემდეგ მუსაევმა WP-ის ინფორმაციას „ამაზრზენი მითი“ უწოდა და თქვა, რომ ამ გარიგებაში ინვესტირებას არ აპირებდა. რუსი ბიზნესმენის მონაწილეობა უარყო რასელის წარმომადგენელმაც.
„მაგომედ მუსაევი არის Forbes Russia-ს ლიცენზიის მფლობელი და ორიენტირებულია გამოცემის განვითარებაზე რუსეთში. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია გლობალური Forbes-ის გაყიდვების შესახებ, რომელსაც მისი მფლობელები ახორციელებენ“, – განუცხადა RBC-ს Forbes Russia-ის განვითარების დირექტორმა დიმიტრი ოზმანმა.
მუსაევი ვენჩერული მეწარმე, Global Venture Alliance-ის პრეზიდენტი, Forbes Russia-ს მფლობელი და დირექტორთა საბჭოს წევრია. მან რუსული გამოცემა 2018 წლის ზაფხულში შეიძინა.