ირაკლი ღარიბაშვილი – ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ რომ არ იყოს, წარმოუდგენელი იქნება სიმშვიდეზე საუბარი – მცოცავი ოკუპაცია არის უგუნური, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი მმართველობის შედეგი, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია

ოპოზიციას, რომლებიც მარტო ყვირიან და საუბარი არ შეუძლიათ, დავიწყებული აქვთ ქვეყნის მთავარი პრობლემა, რამდენიმე კილომეტრში დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარი ვინ მოიტანა ეს ოკუპაცია? ვისი შედეგია? – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა შიდა ქართლის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და პარტიულ აქტივთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, მცოცავი ოკუპაცია არის შედეგი უგუნური, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი მმართველობისა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია.
„საუბედუროდ მთელს პოლიტიკურ სპექტრს, ვითომ ამ ოპოზიციას, რომლებიც მარტო ყვირიან და საუბარი არ შეუძლიათ, დავიწყებული აქვთ ქვეყნის მთავარი პრობლემა, რამდენიმე კილომეტრში დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარი ვინ მოიტანა ეს ოკუპაცია? ვისი შედეგია? ოკუპაცია არის მთავარი გამოწვევა და პრობლემა ჩვენთვის, სამწუხაროდ ქვეყანას ეს პრობლემა მოსაგვარებელი აქვს, თუმცა არ მესმის დიალოგი და დისკუსია – როგორ ვაგვარებთ ამ საკითხს და როგორ მივდივართ წინ? მათი ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ დაკარგა და რუსეთს გაუფორმა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი, ჩახოცეს ჩვენი გმირი ბიჭები და უბედურება მოუტანეს ქვეყანას. დღეს ხელისუფლებაში რომ არ იყოს „ქართული ოცნება“, ამ ქვეყანაში წარმოუდგენელი იქნება სიმშვიდეზე საუბარი. მცოცავი ოკუპაცია არის შედეგი უგუნური, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი მმართველობისა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. რუსეთს დღეს გაეღვიძება და ტერიტორიების 20 პროცენტს დაგვიბრუნებს? ჩვენ ჩვენი პოლიტიკით და გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვით ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია უნდა მოვახდინოთ. მეც მინდა ქვეყანა ერთიანი გახდეს, ძლიერი შეიარაღებით, მათ შორის, ბირთვული სახელმწიფოც გახდეს, მაგრამ ეს დღეს ხომ არარეალისტურია, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და შესაბამისად, უნდა დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები. ყველა ხელისუფლება ვალდებულია ყველაზე დიდი განსაცდელი და უბედურება აარიდოს ქვეყანას, როგორც კაცი იცავს თავის ოჯახს, ოჯახის წევრებს, ასე უნდა დაიცვას ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი ომისგან განადგურებისგან და უბედურებისგან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.