Top 5 “მის საქართველოს” ტიტულის მფლობელი ქალი – ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე ლამაზი ქალები – Marao
პირველი ოფიციალური სილამაზის კონკურსი 1888 წლის 19 სექტემბერს ბელგიაში, ქალაქ სპაში, ჩატარდა. 350 კანდიდატიდან ფინალში მარტო 21 კონკურსანტი მოხვდა. ფინალისტებს დახურულ კარს მიღმა მამაკაცებისგან შემდგარი ჟიური აფასებდა. გამარჯვებული გახდა 18 წლის ბერტა სუკარე გვადელუპიდან, რომელმაც ჯილდოდ 5000 ფრანკი მიიღო.
საქართველოში, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის დროს 1912 წელს ტიფლისში გაიმართა კონკურსი “მის კავკასია”, რომლის გამარჯვებული გახდა აზერბაიჯანელი ტუგრა ხანიმი.
2003 წლიდან საქართველოში რეგულარულად იმართება ყოველწლიური ეროვნული სილამაზის კონკურსი, კონკურსის ფინალისტები წარადგენენ საქართველოს მის მსოფლიოზე, მის ევროპაზე, მის დედამიწაზე და მის სამყაროზე.
ირინა ონაშვილი
ირინა ონაშვილს ფართო საზოგადოება 2003 წლიდან იცნობს, როცა ის „მის საქართველოს“ გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ მოდელის კარიერა და პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ამის შემდეგ ირინა რამდენიმე ტელეგადაცემასა და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ გამოჩნდა. როგორც ჩანს, მოდელი აქტიური ცხოვრებითაა დაკავებული და კარიერაზე განსაკუთრებით ზრუნავს.
ირინას პირველი ქმარი ფეხბურთელ ბესო ქარდავა იყო. ბესომ ირინა მოიტაცა, მათი ურთიერთობა ვერ აეწყო და წყვილი მალე დაშორდა. მას შემდეგ ირინას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით არაერთი ჭორი დადიოდა – მოდელს ცნობილ მამაკაცებთან მიაწერდნენ რომანს, თუმცა ის მალე ლადო ვარძელაშვილს გაჰყვა ცოლად. წყვილი დღემდე ერთად ცხოვრობს და ორ შვილს ზრდის.
ჯანეტ ქერდიყოშვილი
ჯანეტ ქერდიყოშვილმა “მის საქართველოს” ტიტული 2011 წელს მოიპოვა, მოგვიანებით კი, 2015 წელს, საქართველოს სახელით “მის სამყაროზე” გაემგზავრა, რომელიც ლას-ვეგასში ჩატარდა. საკონკურსო ვიდეოს სოციალურ ქსელში დღესაც აზიარებენ, უმშვენიერესი მოდელი კი არაერთ კომპლიმენტს იმსახურებს.
ჯანეტ ქერდიყოშვილმა რამდენიმე წლის წინ ნოე სულაბერიძეზე იქორწინა. წყვილს ერთი შვილი, ანნა ჰყავს. ჯანეტი აქტიურ სამოდელო საქმიანობას ჩამოშორდა, თუმცა აქტიურია სოციალურ ქსელში და სასარგებლო რჩევებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ჯანეტი ლენინგრადში დაიბადა და ოჯახთან ერთად რამდენიმე წელი უკრაინაში ცხოვრობდა. ბავშვობის შესახებ ინტერვიუში არაერთხელ უსაუბრია:
“მშობლები წარმოშობით აფხაზეთიდან არიან. სკოლის დამთავრების შემდეგ, ორივემ ლენინგრადის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა: დედამ სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა, მამამ – საინჟინრო. სწორედ ამ ქალაქში შეხვდნენ ერთმანეთს და დაქორწინდნენ კიდეც. მეც ლენინგრადში (პეტერბურგში) დავიბადე.
– მახსოვს, ოჯახის წევრებთან ერთად ბევრს ვმოგზაურობდი. მამას დიდი საოჯახო მანქანა ჰყავდა. ჰოდა, ჩავსხდებოდით ხოლმე ყველანი და ქალაქიდან ქალაქში ვმოგზაურობდით. ასე ხდებოდა დაახლოებით მანამ, ვიდრე 5-6 წელი არ შემისრულდა. ერთი პერიოდი უკრაინაშიც ვცხოვრობდით (კიევი, იალტა, სუდაკი).
– სკოლაში თბილისში შემიყვანეს და ეს მამის ინიციატივით მოხდა. უნდოდა, მის შვილებს მშობლიური ენა კარგად სცოდნოდათ. როგორც კი პირველ კლასში შევედი, 3 თვეში ქართულად სხაპასხუპით ავლაპარაკდი. მანამდე კი მშობლიურ ენაზე ლაპარაკი ნამდვილად მიჭირდა. მოსწავლეობისას, ხან თბილისში გვიწევდა ყოფნა, ხან – პეტერბურგში. სულ 5 სკოლა მაქვს გამოცვლილი. საბედნიეროდ, იოლად ვეგუებოდი ახალ გარემოს, არც ახალ ნაცნობებთან ურთიერთობა მიჭირდა. საბოლოოდ, პეტერბურგის ქართული სკოლა დავამთავრე, მაგრამ თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლეების ბანკეტზეც ვიყავი. ძალიან ტკბილად მახსენდება მოსწავლეობის პერიოდი” – ამბობდა ჯანეტი.
ნინი გოგიჩაიშვილი
ნინი გოგიჩაიშვილი მის საქართველო 2018-ის ტიტულის მფლობელია. იგი ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, საზოგადოებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო. ის ჟურნალისტ ნათია ბანძელაძისა და ყველასთვის საყვარელი ტელესახის, გიორგი გოგიჩაიშვილის, იგივე გოგიჩას შვილია.
“ნათიას და გოგიჩას 20% რომ მქონდეს, ყველაზე კეთილი ადამიანი ვიქნებოდი. ხანდახან არ მგონია, რომ რეალური ადამიანები არიან. ხუმრობენ კიდეც სხვები, ესენი ჭიანჭველას ფეხს არ ადგამენო. შესაძლოა, არარეალურ რაღაცას ვყვები, მაგრამ გოგიჩა ჭიანჭველებს საჭმელს უყრის სახლთან ახლოს, რომ არ დაიღალონ. მისგან ვსწავლობ იმას, რომ ყველა დღის მადლიერი ვიყო და მიყვარდეს ყველა ადამიანი. ის როგორ ცუდადაც უნდა იყოს, აქეთ გმატებს ძალას და გარწმუნებს – ყველაფერი კარგად იქნება” – ამბობდა ნინი.
თამთა შედანია
„მის საქართველო 2012“, “მის სამყაროსა“ და “მის მსოფლიოს” მონაწილე, წარმატებული მოდელი თამთა შედანია სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 24 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს და უამრავ კომპლიმენტსაც იღებს.
2012 წელს, „მის საქართველო“-ს ტიტულის მოპოვების შემდეგ, საქართველო წარადგინა „მის მსოფლიო 2013“-ზე.
“როგორც ყველა მოდელს, მეც ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს. სამოდელო ბიზნესში ძალიან ბევრი და საინტერესო სეზონია, ხან „ფეშენ-ვიქებში“ გიწევს მონაწილეობა, ხან კატალოგის გადაღებები გაქვს. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მთლიანად ჩავები სამოდელო სფეროს ქარცეცხლში, რადგან ჰონკონგში „ფეშენ-ვიქისთვის“ ჩავედი. გადარბენები მქონდა, რეპეტიციები, შოუები, მუშაობა სხვადასხვა დიზაინერთან. „ფეშენ-ვიქის“ შემდეგ მქონდა გადაღებები სხვადასხვა პოპულარული ჟურნალისთვის. ახლა სინგაპურში ვარ, აქ „ფეშენ-ვიქისთვის“ ჩამოვედი. ძალიან ცხელა და ამინდი მიქმნის დაღლილობის შეგრძნებას, თან, ამას ემატება გადარბენები, შოუები. „ფეშენ-ვიქზე“ რომელი დიზაინერიც იღებდა მონაწილეობას, ყველასთან ვიმუშავე, ბოლოს კი სინგაპურის „ფეშენ-ვიქი“ რობერტო კავალის გრანდიოზული შოუთი დამთავრდა” – ამბობდა მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
თამთას რჩეული ინტერიერის დიზაინერი რატი რატიანია. რატით ყვითელი პრესა პირველად მაშინ დაინტერესდა, როცა თიკო სადუნიშვილის გვერდით გამოჩნდა. თუმცა სადუნიშვილს დაშორდა და ცოლად თამთა მოიყვანა.
ხათუნა სხირტლაძე
ტიტულის მორგებიდან მალე გათხოვდა და 2009 წელს ქართველი მილიონერის, კობა ნაყოფიას ვაჟზე იქორწინა. ხათუნამ და ნიკამ გრანდიოზული ქორწილი თურქეთში გადაიხადეს. მათ გაცნობიდან სამ თვეში იქორწინეს. “მის საქართველო” მიიჩნევს, რომ გათხოვება ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რომელიც ოდესმე გადაუდგამს. კობა ნაყოფიამ ვაჟს გრანდიოზული ქორწილი სტამბულში, სასტუმრო “კემპინსკში” გადაუხადა. წყვილი ჰოლანდიაში ცხოვრობს.
“როდესაც გავთხოვდი, ყველაფერი გაცნობიერებული, გააზრებული მქონდა. ვიცოდი, რომ ჩემი შვილი მე უნდა გამეზარდა. რა თქმა უნდა, დამხმარეც მყავს, მაგრამ 24 საათს მეც მასთან ერთად ვატარებ. ვერ ვტოვებ, მინდა, სულ ჩემთან იყოს, მე გავზარდო. ჩემი და ნიკას გაზრდილია ჯუნიორი, დიდი ენერგია გვაქვს ჩადებული. ძალიან ტკბილია. ძალიან კარგი გასაზრდელია, არ გვიქმნის პრობლემებს. თუ ბავშვს ღვიძავს, ჩვენთან ერთად უნდა ყოფნა. იმ პერიოდში ვცდილობთ მასთან ვიყოთ და არ ვიმეცადინოთ. როცა იძინებს, მერე მთელი ღამე ვათენებთ” – ამბობდა ხათუნა.