ევროპის ჩემპიონატი სულ უფრო გვიახლოვდება. ჩვენ საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობაზეც ვისაუბრეთ, მეტოქეებიც გაგაცანით და პერსპექტივებზეც დავწერეთ, ახლა კი მთავარი ისაა, თითოეული ფეხბურთელი პირველობას როგორ ფიზიკურ თუ ემოციურ მდგომარეობაში შეხვდება; ქართველი ლეგიონერების მატჩებზე “თავით გადავეშვებით”.
ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” დარჩენილ შეხვედრებს უმოტივაციოს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, თუმცა, სამწუხაროდ, ევროტურნირებზე გასვლის პერსპექტივა მკაფიოდ არ გამოიყურება. ყველაფერთან ერთად, ჩვენი მიზანი ისიცაა, “კვარა” ივნისს გამოფიტული არ შეხვდეს, თუმცა მთავარ მწვრთნელ კალცონას ქართველი გარემარბის ევროპის ჩემპიონატისთვის “მოფრთხილებასაც” ასე ვერ დავავალდებულებთ.
ნეაპოლელები იტალიის ჩემპიონატში დარჩენილ 6 მატჩს ერთკვირიანი
პაუზებით ითამაშებენ, ანუ ძალების აღსადგენად დრო საკმარისადაა. 20 აპრილს ჩვენებურის გუნდი “ემპოლის” ესტუმრება, რასაც ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ უკვე ნაკლებად ხისტი “რომას” მასპინძლობა მოსდევს. “უდინეზე”, “ბოლონია”, “ფიორენტინა” და უკანასკნელ ტურში, 26 მაისს, “ლეჩეს” მასპინძლობა. კვარაცხელიას დასვენების საშუალება თითქმის არ ექნება, რადგან საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროსწინა ამხანაგური შეხვედრები უნდა ჩაატაროს. ჯერჯერობით ოფიციალურად ჩანიშნული მხოლოდ 9 ივნისი და მონტენეგროა.
გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარდობაზე ყოველთვის სხვაზე ცოტათი მეტს ვღელავთ, თანაც ინგლისის ჩემპიონშიპი რთული და დატვირთული ტურნირია (46 ტური ტარდება). კარგი ისაა, რომ ინგლისის რანგით მეორე ჩემპიონატი ადრე სრულდება, ქართელი ნახევარმცველის “უოტფორდს” სულ 3 დაპირისპირება აქვს დარჩენილი და 4 მაისის შემდეგ, “ჩაკვეს” შესაძლებლობა ექნება, ევრო 2024-ისთვის ინდივიდუალური პროგრამით მოემზადოს. უოტფორდელები სატურნირო მდგომარეობის კუთხით აბსოლუტურად უმოტივაციონი არიან.
თუკი მალე დასრულებაზე ვსაუბრობთ, ევროპირველობის გამო, ყველა შეჯიბრება “დაჩქარებულია”, გერმანიის მეკრე ბუნდესლიგაში კი, სადაც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, უკანასკნელი ტური 19 მაისსაა. “კარლსრუეს” 5 შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი, ისე კი, ვერც აღზევებას მოახერხებს და არც გავარდნა ემუქრება. ქართველის გუნდს ყველაზე მოტივირებული მეტოქეები “ჰანზა” და “ჰანოვერი” ეყოლება – ერთი გადასარჩენად იბრძვის, მეორე ბუნდესლიგაში დასაწინაურებლად.
ევროპის ტოპლიგებიდან საფრანგეთის “ლიგა 1” 18 მაისს დასრულდება, გიორგი მიქაუტაძის “მეცი” პსჟ-ს უმასპინძლებს, რომელსაც მოტივაცია აქ აღარ შერჩა, აი, “ჟორჟის” გუნდს კი გადარჩენისთვის ბევრი ბრძოლა მოუწევს. უახლოეს ტურში, უშუალო კონკურენტ “ლე ავრთან” სტუმრობა ერთ-ერთი გადამწყვეტია. რთული იქნება ჩემპიონთა ლიგაზე მოფიქრალი “ლილთან” თამაშიც. ჩვენებურზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რომელსაც 15 მატჩში 9 გოლი და 3 “ასისტი” აქვს. რომ არა “აიაქსი”…
საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში ზურიკო დავითაშვილის “ბორდო” სეზონის ბოლომდე 6 შეხვედრას გამართავს. რადგანაც 4 გუნდი ვარდება, ზურიკოსა და მის თანაგუნდელებს ჯერ გარანტირებული არაფერი აქვთ, თანაც, კალენდარი საკმაოდ რთულია.
რაც შეეხება კიდევ ერთ ტოპლიგას, “ვალენსია” 26 მაისამდე 7 მატჩს ჩაატარებს. გუნდი მოწინავე ექვსეულს ამჟამად მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. გიორგი მამარდაშვილმა კვლავ ასე თუ “იფრინა”, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. “ბეტისი”, “ბარსელონა”, “სოსიედადი”, “ჟირონა” – ეს მატჩები ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
“ლა ლიგა 2”-ში გიორგი ქოჩორაშვილს, “ლევანტე” 2 ივნისამდე ითამაშებს. გუნდი ექვსეულში მოსახვედრად და დაწინაურებისთვის იბრძვის, მაგრამ თუკი ბოლო ტურის წინ, “ქოჩორას” ნაკრებს დაუთმობენ, ძალიან კარგი იქნება!..
ავტრიაში ოთარ კიტეიშვილის “შტურმი” ჩემპიონობის დიდ შანსსაც ინარჩუნებს და თასის ფინალშიცაა. “კიტეს” კარგი ფორმა და ფიზიკური მომზადება ჩვენც ძალიან გვჭირდება, 19 მაისამდე კი მას 7 “ფინალი” ელის.
სულ 3 ტური დარჩა კვიპროსში, სადაც ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას “აპოელი” ჩემპიონობისთვის იბრძვის, ამჟამად კი უშუალო კონკურენტ აეკ-ს ერთი ქულით აღემატებიან. ვგულშემატკივრობთ ლევან შენგელიას მომჯობინებას, საბერძნეთში მისი გუნდი კი გასავარდნ ზონასთან ახლოს ტრიალებს.
ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს ჩავატარებთ!..