ევროკავშირმა უკრაინას მაკროფინანსური დახმარების ახალი ტრანში – 1,5 მილიარდი ევრო გადაურიცხა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა. ევროკავშირის მიერ გაწეულმა დახმარებამ 85 მილიარდ ევროს მიაღწია.
“ევროკავშირი ფინანსურად უჭერს მხარს უკრაინაში ეკონომიკურ სტაბილურობას და საჯარო სერვისების მიწოდებას ომის დაწყების დღიდან. დღეს ჩვენ გადავცემთ ახალ, 1,5 მილიარდ ევროს”, – განაცხადა ლეიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტი უფრო დიდი დახმარების შესახებ საუბრობს და 2027 წლამდე 50 მილიარდი ევროს გამოყოფისთვის მზაობას გამოხატავს.
მთლიანობაში, 2023 წელს, ევროკავშირის ბიუჯეტის მხარდაჭერა უკვე 16,5 მილიარდ ევროს შეადგენს. წლის განმავლობაში გათვალისწინებული იყო მაკროფინანსური მხარდაჭერის პაკეტი 18 მილიარდი ევროს საერთო მოცულობით.