დავით ბაქრაძე – მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, სანამ გაქვთ პოლიტიკურად და ადამიანურად გადარჩენის შანსი, უარი თქვით ამ კანონზე, ქვეყანას აარიდეთ უმძიმესი შედეგები და თქვენ თავს აარიდეთ კატასტროფული მომავალი

მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, სანამ გაქვთ პოლიტიკურად და ადამიანურად გადარჩენის შანსი, გაიწვიეთ ეს კანონი, უარი თქვით ამ კანონზე. ამით ქვეყანას აარიდეთ უმძიმესი შედეგები და თქვენ თავს აარიდეთ კატასტროფული მომავალი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
დავით ბაქრაძე პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან აქციაზე იმყოფება, სადაც მოქალაქეები აღნიშნულ კანონპროექტს აპროტესტებენ. მისი თქმით, ჯერ კიდევ სახეზეა არმიღებული კანონპროექტის შედეგები.
“კანონი ჯერ არ არის მიღებული და უკვე ვხედავთ, კანონის შედეგებს – დაპირისპირებულ საზოგადოებას, ქუჩაში გამოსულ ათეულობით ათას ახალგაზრდას, ვხედავთ სპეცრაზმს, რომელიც ამ ახალგაზრდებს დასდევს, ვხედავთ მეგობრებს, რომლებიც პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოსთვის ევროპული კარი იკეტება და ვხედავთ რუსებს, რომლებიც ამ ყველაფრით არიან კმაყოფილი და აღფრთოვანებული. ეს არის უმძიმესი შედეგები ქვეყნის შიგნით და გარეთ. მინდა მოვუწოდო “ქართულ ოცნებას”, სანამ გაქვთ პოლიტიკურად და ადამიანურად გადარჩენის შანსი, გაიწვიეთ ეს კანონი, უარი თქვით ამ კანონზე და ამით ქვეყანას აარიდეთ უმძიმესი შედეგები და თქვენ თავს აარიდეთ კატასტროფული მომავალი. საზოგადოება არ გაჩერდება და არ უნდა გაჩერდეს, საქართველო არ იქნება , საქართველოში არ იქნება პუტინიზმი. საქართველო იქნება ევროპის ნაწილი. შესაბამისად, პროტესტი გაგრძელდება. კანონპროექტს რომ პირველი მოსმენით მიიღებენ, ეს არაფერს ცვლის. პროცესებუ გაგრძელდება, მეტი ადამიანი ჩაერთვება პროცესში. გამოსავალი არის ერთი, ქვეყანა უნდა დამშვიდდეს, დაწყნარდეს და გააგრძელოს ევროპული მომავლისკენ სვლა. ამ ყველაფერს სჭირდება ამ კანონის დაუყოვნებლივ გახმობა”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.