პარტია “ლელო საქართველოსთვის” აცხადებს, რომ საქსტატიდან გამოითხოვეს ინფორმაცია, თუ რამდენი ბიზნეს სუბიექტი არის რეგისტრირებული რუსეთის მოქალაქეების მიერ 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრამდე პერიოდში. ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ რეგისტრირებულია 25 333 რუსული ბიზნეს სუბიექტი, საიდანაც 22 582 სუბიექტის შესახებ ინფორმაცია და მათი საქმიანობის პროფილი უცნობია.
“25 333 რუსული სუბიექტიდან, რომელიც საქმიანობს და ოპერირებს საქართველოში, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა, როცა სახელმწიფომ იცის მათი საქმიანობის პროფილი. ისინი არ იხდიან გადასახადებს, მათ არ აქვთ სამუშაო ნებართვები, ისინი ძარცვავენ “ქართულ ოცნებასთან” ერთად საქართველოს ბიუჯეტს და ისინი უთანასწორო მდგომარეობაში გაყენებენ თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს. […] მოვუწოდებთ შრომის ინსპექციას და სახელმწიფო უწყებებს დროულად დაადგინონ რა საქმიანობას ეწევა 22 582 უცნობი რუსული ოკუპანტი ქვეყნის კომპანია ჩვენ ქვეყანაში”, – თქვა კუპრაძემ.
კუპრაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს არ აქვს ინფორმაცია რას საქმიანობენ ეს ბიზნეს სუბიექტები, რაც ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხეა.
აღნიშნულთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ შეიძლება იყოს 65 000-დან 24 000 არააქტიური კომპანია, რაც გასარკვევია.
“საქართველოს რომ დამატებოდა 25 ათასი ახალი აქტიური კომპანია, ამ ორ წელიწადში, ჩვენ ვიქნებოდით დღეს ლუქსემბურგი. ეს რა თქმა უნდა, ასე არ არის”, – თქვა კობახიძემ.