ისრაელის ომის კაბინეტი, ბოლო სამი დღის განმავლობაში მესამედ იკრიბება იმისთვის, რომ გადაწყვიტოს, როგორ უპასუხოს ირანის პირველ პირდაპირ თავდასხმას, საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ინფორმაციას ამის შესახებ, ისრაელი ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. კაბინეტს, თავდასხმის პასუხზე მსჯელობა საერთაშორისო ზეწოლის ფონზე უწევს. საერთაშორისო საზოგადოება ისრაელს მოუწოდებს, თავიდან აირიდოს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია.
ისრაელის სამხედრო შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ პირობა დადო, რომ ირანიდან ისრაელის ტერიტორიაზე 300-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტის და დრონების გაშვებას „პასუხი მოჰყვება“, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის თავდაცვისა და მისი მოკავშირეების მოქმედებების შედეგად, ირანის თავდასხმა მხოლოდ მცირე ზიანით და მსხვერპლის გარეშე დასრულდა, დიდი ხნის მტრებს შორის ღია ომის შესახებ შიში გაიზარდა.
ირანმა განაცხადა, რომ თავდასხმა ისრაელის მიერ, დამასკოში მის საკონსულოზე განხორციელებული დარტყმის საპასუხოდ განახორციელა, თუმცა თავიდანვე მიანიშნა, რომ ვითარების შემდგომ ესკალაციას არ ცდილობდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასულ უქმეებზე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ შეერთებული შტატები, ისრაელის კონტრშეტევაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამის ნაცვლად, ვაშინგტონი ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, ირანის მიმართ ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების გამკაცრების შესახებ საუბრობს, რათა დაარწმუნოს ისრაელი, თავი შეიკავოს ძალადობრივი შურისძიებისგან.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა თქვა, რომ ის „დიპლომატიურ თავდასხმას ხელმძღვანელობს“. მისი თქმით, 32 სახელმწიფოს წერილობით სთხოვა დააწესონ სანქციები ირანის სარაკეტო პროგრამაზე და მიჰყვნენ ვაშინგტონის პოლიტიკას და ირანის „რევოლუციის გუშაგდა კორპუსი“ გამოაცხადონ, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელინმა თქვა, რომ აშშ გამოიყენებს სანქციებს და იმუშავებს მოკავშირეებთან, რათა ხელი შეუშალოს ირანის „მავნე დესტაბილიზაციას“.
დღესვე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ახლო აღმოსავლეთის საკითხზე სამსჯელოდ, ონლაინ შეხვედრა აქვთ დაგეგმილი.
გასულ შემოდგომაზე, გერმანიამ, საფრანგეთთან და ევროკავშირის სხვა პარტნიორებთან ერთად, აწარმოა კამპანია ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის არსებული სანქციების რეჟიმის გასახანგრძლივებლად და სამიზნეში ირანის დრონების წარმოების ამოსაღებად. საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა სამშაბათს განაცხადა, რომ ევროკავშირის რამდენიმე წევრმა პირობა დადო, რომ განიხილავენ ამ სანქციების გახანგრძლივებას. გერმანიამ განაცხადა, რომ ბაერბოკი გაემგზავრება ისრაელში რამდენიმე საათში, რათა განიხილოს ესკალაციის თავიდან აცილება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ორშაბათს თქვა, რომ შვიდი წამყვანი დემოკრატიის ჯგუფი მუშაობს ირანის წინააღმდეგ სანქციების პაკეტზე; იტალია, რომელიც G7-ის თავმჯდომარეა, ვარაუდობს, რომ ნებისმიერი ახალი სანქცია გამიზნული იქნება ფიზიკური პირების წინააღმდეგ.
ირანი – პასუხის პასუხი „წამებში იქნება და არა დღეებში“
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალი ბაგერი კანიმ ორშაბათს საღამოს სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ ისრაელის ნებისმიერ კონტრშეტევაზე თეირანს პასუხი ექნება „წამებში, რადგან ირანი არ დაელოდება პასუხს კიდევ 12 დღე“.
ისრაელის შურისძიების პერსპექტივამ ასევე შეაშფოთა მრავალი ირანელი, რომლებიც ეკონომიკურ გაჭირვებას და 2022-2023 წლების საპროტესტო აქციების შემდეგ, მკაცრ სოციალურ და პოლიტიკურ კონტროლს უკვე უმკლავდებიან.
„ჰამასის“ თავდასხმის პასუხად, ოქტომბერში, ღაზაში ისრაელი მიერ ომის დაწყების შემდეგ, შეტაკებები დაიწყო ისრაელსა და ირანთან დაკავშირებულ ჯგუფებს შორის, რომლებიც დაფუძნებულია ლიბანში, სირიაში, იემენსა და ერაყში.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ ორშაბათს უარი თქვა იმის თქმაზე, შაბათს ღამით, მოუწოდებდა თუ არა პრეზიდენტი ბაიდენი პრემიერ ნეთანიაჰუს, თავი შეეკავებინა ირანის თავდასხმაზე პასუხისგან.
„ჩვენ არ გვსურს ირანთან ომი ვიხილოთ. ჩვენ არ გვსურს ვიხილოთ რეგიონული კონფლიქტი“, – განაცხადა კირბიმ ბრიფინგზე და თქვა, რომ ისრაელის გადასაწყვეტია, „უპასუხებენ თუ არა, ან როგორ უპასუხებენ“ ირანს.
ზოგიერთი ანალიტიკოსის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, ირანის ნავთობის ექსპორტზე სანქციების გამკაცრებას ეცდება. მიზეზი კი, შესაძლოა, ფასების მატებასთან დაკავშირებით შეშფოთება, ან ჩინეთის აღშფოთება იყოს, რომელიც ირანული ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველია.
პეკინის ცნობით, ჩინეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარში ჩინეთმა განაცხადა, რომ თვლის, რომ ირანს შეუძლია „კარგად გაუმკლავდეს სიტუაციას და დაიცვან რეგიონი შემდგომი არეულობისგან“.
რუსეთმა თავი შეიკავა თავისი მოკავშირის ირანის საჯარო კრიტიკისგან, მაგრამ ასევე გააფრთხილა შემდგომი ესკალაციის შესახებ.
გასულ უქმეებზე ირანის თავდასხმამ, მცირე ზიანი მიაყენა ისრაელს და 7 წლის გოგონა დაჭრა გამოიწვია. რაკეტებისა და დრონების უმეტესობა, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იორდანიის დახმარებით, ისრაელის რკინის გუმბათის თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.
ირანის თავდასხმამ მოწონება დაიმსახურა ღაზის სექტორში, სადაც „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ომის განმავლობაში, ისრაელის თავდასხმებს 33 000-ზე მეტი პალესტინელი შეეწირა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰამასის“ წინააღმდეგ, რომელიც აშშ-ისა და სხვა ათობით ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, ისრაელმა ომი, 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ წამოიწყო.
ისრაელზე თავდასხმისას, „ჰამასმა“ 1200 ადამიანი მოკლა, მეტწილად მშვიდობიანი მოქალაქეები, 253 კი დაატყვევა და ღაზაში მძევლად წაიყვანა.