უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მობილიზაციის ახალ კანონს ხელი მოაწერა.
კანონპროექტი, რომელიც მობილიზაციის ცალკეული საკითხების რეგულირებას და სამხედრო აღრიცხვის სისტემის მოწესრიგებას ითვალისწინებს უკრაინის უმაღლესმა რადამ 11 აპრილს მიიღო. ახალ კანონს მხარი დაუჭირა 283-მა დეპუტატმა. დღეს კი პრეზიდენტამდე კანონს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა.
ახალი კანონის მთავარი პუნქტები მობილიზაციის ასაკის 27-დან 25 წლამდე შემცირება და დემობილიზაციის კონკრეტული ვადების შესახებ დაწესებული ვადების გაუქმებაა.
კანონმდებლობაში ამოიღეს დემობილიზაციის შესახებ ჩანაწერი, რომლის მიხედვით შესაძლებელი იყო ადამიანის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, თუ ის სამხედრო მდგომარეობის დროს 36 თვის განმავლობაში მსახურობდა. ამავდროულად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა უნდა მომხდარიყო უმაღლესი მთავარსარდლის სათაო ოფისის მიერ განსაზღვრულ ვადებში.
აღნიშნული ჩანაწერის ამოღებას 227-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, დემობილიზაციის კონკრეტული ვადები არ არის განსაზღვრული მათთვის, ვინც ომის დაწყებიდან მოყოლებული სამხედრო სამსახურშია ჩართული.
დემობილიზაციის შესახებ ჩანაწერის აღნიშნული კანონმდებლობიდან ამოღებას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდერ სირსკი და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვიც მოითხოვდნენ. მათი განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე ცალკე კანონის მიღებაა საჭირო და ის პარლამენტს მალე წარედგინება.
ახალი კანონპროექტით, ყველა მოქალაქე ვალდებულია შესაბამის უწყებებში გაიაროს რეგისტრაცია და სახელმწიფო სამსახურში მოხმობისგან თავის დაღწევის უფლება აღარავის ექნება.
თავის არიდების მცდელობის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილი იქნება მოქალაქეს საბანკო ანგარიშები გაუყინოს ან ტრანსპორტის საშუალებების მართვის და უკრაინიდან გამგზავრების უფლება შეუზღუდოს.
ამასთან, კანონის ფარგლებში, სავალდებულო სამხედრო გაწვევა საბაზო საომარი მომზადებით ჩანაცვლდება, რომელიც მაქსიმუმ 5 თვე გაგრძელდება და რომლის დროსაც პიროვნება სამსახურს ინარჩუნებს.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, მობილიზაციის შემდეგ მოქალაქეს 2-3 თვის განმავლობაში სავალდებულო საომარი განათლება ჩაუტარდება და მობილიზაციის შემდგომ დაუყოვნებლივ ფრონტზე არ გაიგზავნება.
კანონი ასევე მინიმალურ ფულად ანაზღაურებასა და შვებულების დღეებს ითვალისწინებს. კანონპროექტი მინიმალურ ფულად ანაზღაურებად 20 000, ხოლო საომარი მდგომარეობის განმავლობაში დამატებითი ანაზღაურებისთვის 30 000-იდან 100 000-მდე გრივნას განსაზღვრავს.
მანამდე, უკრაინის ომბუდსმენმა, დმიტრო ლუბინეცმა თქვა, რომ აღნიშნული კანონპროექტი რიგ ანტიკონსტიტუციურ ნორმებს შეიცავს, თუმცა დეპუტატებს მაინც მოუწოდა, პირველი მოსმენით მიეღოთ.
მობილიზაციის ახალი კანონპროექტი მინისტრთა კაბინეტმა 30 იანვარს დაამტკიცა და რადაში შეიტანა, მას შემდეგ, რაც 12 იანვარს შეთავაზებული მობილიზაციის კანონპროექტის პარლამენტიდან გაიწვიეს.