ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში — ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ონლაინ მედიების ჟურნალისტების პარლამენტში შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში.“
„მიმაჩნია, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში და გააშუქოს დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან, როგორც მას მიაჩნია სწორად, დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები,“ — თქვა ლევან იოსელიანმა.
პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში დღეს, 15 აპრილს, განხილვის პარალელურად, საქართველოს პარლამენტის უკანა მხარეს, მიმდინარეობს აქცია, სადაც პროტესტის გამოსახატად მივიდნენ ის დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, რომელთა მუშაობასაც რუსული კანონი, მიღების შემთხვევაში, საფრთხეს შეუქმნის.
საქართველოს პარლამენტში დღეისათვის გამოაცხადეს უსაფრთხოების ე.წ. ყვითელი დონე, რაც გულისხმობს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შეზღუდვას.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე, მათ შორის, კომიტეტის სხდომებზე, დღეს დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. როგორც პარლამენტის პრესცენტრში აცხადებენ, ონლაინ მედიასაშუალებების აკრედიტებული ჟურნალისტები შენობაში ვერ შევლენ.
კითხვაზე, რის გამო აეკრძალა ონლაინ მედიას პარლამენტში შესვლა, საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამარ ჯანელიძემ თქვა, რომ ამის მიზეზია მედიის წარმომადგენლების მიერ აღნიშნული კანონის გაპროტესტება.
აქედან გამომდინარე, ნეტგაზეთი ისევე, როგორც არაერთი სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალება, დღეს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას ვერ შეძლებს.