Milanotoday-ის ინფორმაციით, იტალიაში, იარაღით მუქარისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
აღნიშნული ინფორმაციით, 34 წლის ქართველი კაცი, ქურდობისა და ყაჩაღობის ისტორიით, პარასკევს სესტო სან ჯოვანიში იარაღის უკანონო შენახვის, მოპარული ნივთების მიღებისა და საჯარო მოხელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
ცნობილი ხდება, რომ დაკავებული სადგურში მგზავრებს იარაღით ემუქრებოდა. პოლიციის მისვლისას 34 წლის კაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო. მან გაქცევა სცადა, შემდეგ კი „კარაბინერს“ (პოლიცია) იარაღით დაემუქრა. პოლიციელმა მისი განიარაღება მოახერხა და ჩხრეკისას მეორე იარაღიც აღმოაჩინა. ორივე იარაღი 2015 წელს მილანში იყო მოპარული.
დაკავებული ჯერ საავადმყოფოში, შემდეგ კი მონცას ციხეში გადაიყვანეს.