ირანის დედაქალაქ თეირანის აეროპორტებში დღეს დილიდან ფრენები განახლდა, – ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.
თეირანის ორივე აეროპორტმა, „იმამ ხომეინის“ და „მეჰრაბადის“ აეროპორტებმა, ავიარეისები კვირას, ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ, შეაჩერეს.
ნიდერლანდურმა გადამზიდავმა KLM-მა განაცხადა, რომ შეწყვეტს ფრენებს ირანისა და ისრაელის თავზე სიფრთხილის მიზნით. „ავსტრიის ავიახაზებმა“ და „ლუფთჰანზამ“ გამოაცხადეს, რომ თეირანის მიმართულებით და თეირანიდან ავიარეისებს 18 აპრილამდე წყვეტენ.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა, იორდანიამ, ერაყმა და ლიბანმა თავიანთი საჰაერო სივრცეები ხელახლა გახსნეს მას შემდეგ, რაც დროებით დახურეს შაბათს ღამით, ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის გამო.