აფხაზურმა ოპოზიციამ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას კოლექტიურად მიმართა და მოითხოვა, პარლამენტიდან უკან გაიტანონ კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ“. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული ონლაინმედია „Кавказский узел“ ავრცელებს.
გარდა ამისა, ოპოზიციონერები ითხოვენ, გაუქმდეს სხვა ინიციატივებიც, რომლებიც, ზიანს აყენებს დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობას.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიისა და სხვადასხვა მოძრაობების 30-მდე წევრმა 10 აპრილს მიიღო დადგენილება, რომლითაც მიმართეს დე ფაქტო ხელისუფლებას 10 დღის ვადაში აღნიშნული მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.
ოპოზიცია ხელისუფლებისგან ითხოვს, უარი თქვას ინიციატივებსა და კანონპროექტებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის დე ფაქტო რესპუბლიკის მცხოვრებლების ეროვნულ ინტერესებსა და კონსტიტუციურ უფლებებს.
„თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ჩვენ, შეხვედრის მონაწილეები ვაცხადებთ, რომ მივმართავთ აფხაზეთის მოსახლეობას მოწოდებით – მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ შეკრებაში უახლოეს მომავალში,“ – აღნიშნულია დადგენილებაში.