ნაცვლად იმისა, რომ წაიკითხონ ეს კანონი და შეადარონ, რა როგორ წერია, იმას ამბობენ, რას ლაპარაკობს ესა თუ ის თანამდებობის პირი, – ასე პასუხობს „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, უცხოელი დიპლომატების მიერ გამოთქმულ კრიტიკას.
კერძოდ, ხუნდაძემ შეაფასა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ კანონპროექტი არ არის კარგი, არც ევროპულია და არც ამერიკული.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ კანონპროექტი წაიკითხონ, შეადარონ სხვა ქვეყნებში მოქმედ თუ ინიციირებულ მსგავს კანონებს, არგუმენტად სხვადასხვა თანამდებობის პირების განცხადებები მოჰყავთ.
„ნაცვლად იმისა, რომ წაიკითხონ ეს კანონი და შეადარონ, რა როგორ წერია, იმას ამბობენ, რას ლაპარაკობს ესა თუ ის თანამდებობის პირი. მაგალითად, ევროკავშირის ელჩი ამბობს, ეს კანონი არ არის არც ევროპული და არც ამერიკულიო. რატომ? მისი არგუმენტია, რომ ამერიკული იმიტომ არ არის, რადგან ასე აშშ-ის ელჩმა თქვაო, ხოლო ევროპული იმიტომ არ არის, რომ ასე ჯოზეფ ბორელმა თქვაო“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.