რუსეთმა ავსტრიელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავსტრიელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ავსტრიის მიერ ორი რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ, რასაც ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „არამეგობრული“ ნაბიჯი უწოდა.
“ეს კიდევ უფრო ამძიმებს ავსტრიული მხარის ინიციატივით კრიზისში შესულ ორმხრივ ურთიერთობას და ზიანს აყენებს ავსტრიის, როგორც ნეიტრალური სახელმწიფოს ავტორიტეტს, რომელსაც საერთაშორისო დიპლომატიის პლატფორმის პრეტენზია აქვს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ავსტრიის საელჩოს თანამშრომელმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, რუსეთი დღის ბოლომდე, 18 აპრილს უნდა დატოვოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის „საპასუხო ზომები მხოლოდ ამით არ ამოიწურება.”
ავსტრიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად 13 მარტს გამოაცხადა, რაც ავსტრიის მხარის მტკიცებით, მათ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობასთან დაკავშირებით მოხდა. ორივე რუს დიპლომატს ავსტრიის დატოვება 19 მარტამდე მოუხდა.
აპრილის დასაწყისში ავსტრიაში დიდი რეზონანსი ჰქონდა საკონსტიტუციო დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ამჟამად უკვე გაუქმებული ფედერალური სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ეგისტო ოტის დაპატიმრებას.
ამ ფონზე ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ქვეყანას რუსეთის ჯაშუშური ქსელები ემუქრება და ავსტრიისთვის აუცილებელია, რომ მიიღოს უსაფრთხოების ზომები იმის წინააღმდეგ, რასაც წარმოადგენს ქვეყანაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი