რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვლადიმირ კარა-მურზას დაკავებიდან ორი წლის თავზე, ვაშინგტონში ამბობენ, რომ ის არ დავიწყებიათ.
9 აპრილს ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც კარა-მურზას დაპატიმრების წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა, ამერიკელმა კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ ისინი იბრძოლებენ მისი გათავისუფლებისთვის და მოუწოდეს სახელმწიფო დეპარტამენტს გამოაცხადოს ის უკანონოდ დაპატიმრებულად.
„ჩვენ გავაგრძელებთ მისი დაუყონებლივი და უპირობო გათავისუფლების ადვოკატირებას მანამ, სანამ საჭიროა”, – განაცხადა კონგრესმენმა ჯიმ მაკგოვერნიმ (დემოკრატი მასაჩუსეტსიდან), წარმომადგენელთა პალატის ადამიანის უფლებათა კომისიის თანათავმჯდომარემ.
“ჩვენ გავაგრძელებთ ხმის ამაღლებას. გავაგრძელებთ მსგავსი შეკრებების გამართვას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მთელ მსოფლიოში”, – უთხრა მან შეკრებილებს, მათ შორის კარა-მურზას მეუღლეს, ევგენიას და მათ ორ შვილს.
ვლადიმირ კარა-მურზა 2022 წლის 11 აპრილს, რუსეთში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. მისი დაკავების მიზეზი უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებული განცხადებები გახდა. პუტინმა 2022 წლის მარტში აკრძალა ომის კრიტიკა. რუსეთი ომს კვლავ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს.
სასამართლომ 43 წლის კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი ტერორიზმში ედება და მისი სასჯელი პოსტსაბჭოთა რუსეთში კრემლის ოპონენტისთვის გამოტანილი ყველაზე ხანგრძლივი განაჩენია.
კონფერენციას კანონმდებლების გარდა, ევროპელი ელჩები შეუერთდნენ და კარა-მურზას ბედთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოხატეს. მათ აღნიშნეს თებერვალში არქტიკის ციხეში, გაურკვეველ ვითარებაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაც. 47 წლის ნავალნი ექსტრემიზმის ბრალდებით 19-წლიან სასჯელს იხდიდა და როგორც დასავლელი ოფიციალური პირები ამბობენ, სასჯელი პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
„რუსული ციხეები ცნობილია დაღუპულთა რიცხვით“, – თქვა კონგრესმენმა ჯიმ მაკგოვერნმა. “ვლადიმირის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. და მათ, ვისაც რუსეთში უკეთესი მომავლის იმედი აქვთ, არ უნდა დაკარგონ კიდევ ერთი ლიდერი, პუტინის შიშისა და პარანოიის გამო.”