პროფესორი მაკა ხეცურიანი – არა რუსულ კანონს! – ქართველი ერის სწრაფვა ევროპისკენ გარდაუვალია

ქართველი ხალხის მისწრაფება, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი გარდაუვალია და ერთადერთი ბარიერი, რომელიც წინ ეღობება ამ მისწრაფებას არსებული ხელისუფლებაა, – ამის შესახებ პროფესორმა მაკა ხეცურიანმა ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ხეცურიანის თქმით, გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა, რომ საზოგადოების ერთიანობა, საზოგადოების კონსოლიდაცია რუსული კანონის წინააღმდეგ იმედისმომცემია.
„გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ წარმოვიდგენდი თუ ერთი წლის შემდეგ, ევროპული მისწრაფებების მქონე ქალაქში ისევ მოგვიწევდა რუსული კანონის მიღების საშიშროების წინაშე დგომა, ისევ იგივე საკითხზე შეკრება. ერთი წლის წინანდელმა მარტის აქციებმა აშკარად ცხადყო, რომ ქართველი ხალხის მისწრაფება, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი გარდაუვალია და ერთადერთი ბარიერი, რომელიც წინ ეღობება ამ მისწრაფებას არის არსებული ხელისუფლება.
გუშინდელმა დღემაც ნათლად დაგვანახა, რომ საზოგადოების ერთიანობა, საზოგადოების კონსოლიდაცია იმედის მომცემია. 35 წლის განმავლობაში, 9 აპრილს არ შეკრებილა იმდენი ხალხი რუსთაველის გამზირზე, რამდენიც გუშინ, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად.
დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისში, საქართველოს ყველაზე ევროპულ ქალაქში. მინდა გითხრათ, რომ ისტორიულ უბანში სადაც ახლა ვიმყოფებით, არის ორი უმნიშვნელოვანესი ადგილი, რომელიც პირდაპირ სიმბოლურ კავშირშია დღევანდელ დღესთან. აქვე რამდენიმე მეტრში არის არამარტო ქუთაისისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ორი პიროვნების პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ძეგლები. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად, ცისფერყანწელთა ტრაგედია, ცისფერყანწელთა ბედი, ზუსტად არის კავშირში იმასთან, თუ რას აკეთებს რუსული ხელისუფლება, რუსული ტოტალიტარული რეჟიმი და რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ნიჭიერება.
აქვე მეორე ადგილი არის პირველი საშუალო სკოლის შენობა, რომელშიც მემორიალურ დაფაზე არსებული სახელები და გვარები ნათლად გვაჩვენებს თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპულ და ქართველ გენს, რომელიც აუცილებლად გააგრძელებს სწრაფვას ევროპისკენ.
და ბოლოს, არა რუსულ კანონს! და რაც მთავარია ქართველი ერის სწრაფვა ევროპისკენ არის გარდაუვალი“ – განაცხადა მაკა ხეცურიანმა, რომლის კომენტარსაც “სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.