თბილისის მერია პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს

თბილისის მერია წარმატებული პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დასაქმებითა და კვალიფიკაციის გაზრდით დაინტერესებული მოქალაქეები შესაბამისი კურსების გავლას ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებენ.
„ქვეყანაში სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით გამოწვევა გვაქვს – არსებობს ბევრი ადამიანი, ვინც ეძებს სამსახურს და არსებობს ბიზნესსექტორი, რომელიც ეძებს კვალიფიციურ კადრებს. ვიწყებთ ჩვენი ერთ-ერთი ძალიან წარმატებული პროგრამის – „ისწავლი და დასაქმდი“ ახალ ეტაპს. 10 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით, დაინტერესებული მოქალაქეები შეძლებენ ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმაზე -www.dasakmdi.ge. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და მათი დასაქმების ხელშეწყობას კერძო სექტორთან თანამშრომლობით. აღნიშნულ კურსებზე ჩვენი თანამოქალაქეების გადამზადებას ყოველგვარი გადასახადების გარეშე ვახდენთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, პროგრამას წელს 15 ახალი მიმართულება დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეების მომზადება/გადამზადება 65 სპეციალობაში იქნება შესაძლებელი. აღნიშნულ კურსებზე სწავლას მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.
„მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მომზადება/გადამზადებას გაივლის 1 000-მდე მოქალაქე. ბოლო წლების განმავლობაში, გადამზადდა 9 000-ზე მეტი მოქალაქე და დასაქმების მაჩვენებელი სწავლის დასრულებისთანავე შეადგენს, დაახლოებით, 70%-ს. ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი სიახლე გვაქვს – ვისაც სურს ონლაინ კურსებზე სწავლა და ამისთვის ესაჭიროება შესაბამისი ადგილი, მათ მთელი სასწავლო პროგრამის განმავლობაში, უსასყიდლოდ, ახლად რეაბილიტირებული მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების თავისუფალ სამუშაო სივრცეებს ვთავაზობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.