თბილისის მერიამ მოკვლევა დაიწყო „აგენტების კანონის“ სარეკლამო პლაკატების გამკვრელთა გამოსავლენად

თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი აცხადებს, რომ დედაქალაქის ქუჩებში ე.წ. აგენტების კანონის სარეკლამო ბროშურების გამოკვრაზე მუნიციპალიტეტს ნებართვა არ გაუცია. მანვე აღნიშნა, რომ უწყებაში დაიწყო მოკვლევა იმ პირთა გამოსავლენად, ვინც უნებართვოდ გააკრა პლაკატები.
თბილისის ქუჩებში გუშინ დილიდან გამოჩნდა ე.წ. აგენტების კანონის სარეკლამო პლაკატები – ზუსტად იმავე ვიზუალითა და შინაარსით, როგორსაც საჯარო მოხელეები და „ქართული ოცნების“ ლიდერები სოციალურ ქსელებში ბოლო დღეების განმავლობაში აზიარებდნენ.
„ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე პლაკატების განთავსება – გინდ პოლიტიკური და გინდ არაპოლიტიკური შინაარსის, – თუ არის ის უნებართვო, რა თქმა უნდა, არის სამართალდარღვევა…
ნებართვა არცერთ პლაკატზე გაცემული არ არის მუნიციპალიტეტის მხრიდან. დანარჩენზე მოკვლევა მიმდინარეობს მუნიციპალური ინსპექციის მიერ“, – ამბობს ვიცე-მერი.
მანვე განმარტა, რომ უნებართვოდ სარეკლამო პლაკატების გაკვრისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია 200-დან 1000 ლარამდე ჯარიმა.
პლაკატების გაკვრის შემდეგ მოქალაქეთა ნაწილმა, რომლებიც ე.წ. აგენტების კანონის მიღებას აპროტესტებენ, ბროშურების ჩამოხევა დაიწყო.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.
3 აპრილს ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მ თქვა, რომ კანონის გაწვევის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა“.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

ასევე დაგაინტერესებთ