საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება. შეხვედრა გერმანიაში 12 აპრილს გაიმართება.
„ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი 2024 წლის 12 აპრილს 11:30 საათზე ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.
შეხვედრაზე განიხილება: ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები“, – გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებსაიტზე.
ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტი დროში ემთხვევა საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტიის მხრიდან ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. პარლამენტში კანონპროექტის ხელახლა შეტანას საქართველოს პარტნიორების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
„ქართული ოცნების” უმრავლესობამ პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა ჯერ კიდევ 2023 წელს ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
2023 წელს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ შეძლო ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება. მარტის მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად, უმრავლესობა იძულებული გახდა, პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებული კანონპროექტი პარლამენტიდან გაეწვია.
„ქართული ოცნება“ კანონის მიღების აუცილებლობას იმით ხსნის, რომ „ე.წ. სამოქალაქო სექტორი“ რჩება „ყველაზე გაუმჭვირვალედ“, რაც „მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და, შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის“.