შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს მმართველი გუნდის მიერ, ე.წ. “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” თაობაზე კანონპროექტის კიდევ ერთხელ ინიცირებასთან დაკავშირებით. განცხადება დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა პარასკევს, 5 აპრილს გამოაქვეყნა.
“ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის წარმოდგენით, რომელიც ეფუძნება გასული წლის “უცხოეთის აგენტების” საკანონმდებლო პროექტს. კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა მუშაობაც სასიკეთოა საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა. ის ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და რისკავს საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას. ჩვენ ეს შეშფოთებები საქართველოს მთავრობას გარკვევით გავაცანით”.
“ქართული ოცნების” მიერ კანონპროექტის ხელმეორედ წარდგენას ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად, მილერი 3 აპრილსაც გამოეხმაურა. მან შარშან განვითარებული მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ სწორედ ეს იყო კანონპროექტი, რომელმაც უამრავი ადამიანი საპროტესტოდ ქუჩაში გამოიყვანა.
