„ექიმები ბუღალტერიას უნდა ჩამოშორდნენ და მათ მხოლოდ პაციენტზე უნდა იზრუნონ“ – გიორგი ფხაკაძე კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის პრობლემებზე

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად სამედიცინო კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს.
გადაცემის სტუმარმა პროფესორმა, „აკრედიტაცია კანადას“ წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, მსოფლიოში სამედიცინო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო აკრედიტირების პროცესი 25 წლის წინ დაიწყო, საქართველო კი ამას ახლა აკეთებს.
„მსოფლიოში აკრედიტაციის გამცემი ორი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა „აკრედიტაცია კანადა“ და „ჯოინ ქომიშენ“, რომელთაგან ერთი კანადაში და მეორე -ში მოქმედებს. დაახლოებით 25 წლის წინ სხვადასხვა ქვეყნები მიხვდნენ, რომ ჯანდაცვის სექტორს სჭირდებოდა სხვაგვარი მიდგომა, რადგან ჯანდაცვის კომერციალიზაცია მოხდა.
გაძვირდა სამედიცინო მომსახურება და დანადგარები, შესაბამისად, ბევრმა ქვეყანამ თქვა, რომ ბიზნესი კარგია, თუმცა დაიკარგა მთავარი ორიენტირი – პაციენტი. სამედიცინო სისტემები იყო დაავადებაზე და არა პაციენტზე ორიენტირებული. ამიტომ ქვეყნებს დასჭირდათ ან აკრედიტაციის გამცემი ეროვნული ორგანო ან უცხოური ორგანიზაციები. აქედან უკვე დაიწყო საერთაშორისო აკრედიტაციების ბუმი. იმას, რაც სხვა ქვეყნებმა დაიწყეს 25 წლის წინ, ჩვენ ვიწყებთ ახლა“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
მისი თქმით, საქართველოში, ბევრი რეფორმის მიუხედავად, ეს ჯანდაცვის სისტემა დაულაგებელია. სწორედ ამიტომ „აკრედიტაცია კანადა“ საქართველოში ამჟამად 24 სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაციის პროცესს ახორციელებს, თბილისში, ბათუმში და ქუთაისში. აკრედიტაციისთვის სტანდარტულად 3 წელია განსაზღვრული, თუმცა, საქართველოში ეს პროცესი 1 წელში უნდა დასრულდეს, ამიტომ ორგანიზაციამ ქართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის განსხვავებული, მხარდამჭერი მიდგომა შეიმუშავა.
ISO სტანდარტი არის საერთაშორისო სერტიფიცირება, ეს არ არის აკრედიტაცია. ის უყურებს მხოლოდ ერთ პატარა ნაწილს, ხოლო აკრედიტაცია – მთლიანად მთელ პროცესს, ძალიან ღრმად. ამიტომ სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობისთვის მისაღებია აკრედიტაცია“, – განმარტა „აკრედიტაცია კანადას“ წარმომადგენელმა საქართველოში.
როგორც მან აღნიშნა, საკანონმდებლო დონეზე შეცდომაა, რომ ექიმების სამეციდინო საქმიანობის პროცესში დაშვებულ შეცდომებს პროკურატურა იძიებს, რადგან პროკურორებს შეუძლებელია ჰქონდეთ შესაბამისი კომპეტენცია, ამიტომ ასეთი საკითხებზე დარგობრივმა ასოციაციებმა უნდა იმსჯელონ.
„საქართველოში, სამწუხაროდ, ექიმები არიან დაჩაგრული, რადგან არ აქვთ გამოხატვის უფლება. ძალიან დიდი შეცდომაა, როცა პროკურატურა შედის კლინიკაში, რადგან მხოლოდ კარდიოქირურგი შეიძლება მიხვდეს სად დაუშვა შეცდომა მეორე კარდიოქირურგმა. მედიცინაში შეცდომები დაშვებულია და ეს არის შეცდომები, რომლებზეც ჩვენ ვსწავლობთ, რადგან მედიცინა 100%-იანი არ არსებობს. აკრედიტაციის პროცესისთვის მთავარია მტკიცებულება და არა პროტოკოლი.
ჩემი პოზიციაა, რომ სამედიცინო შეცდომა უნდა განიხილოს დარგობრივმა ასოციაციამ, რადგან პროკურატურა ამას ვერასდროს გაიგებს. საქართველოში ექიმს ეშინია სიმართლის თქმა იმის შიშით, რომ თავი ციხეში არ ამოყონ. საქართველოში ჯანდაცვის სისტემა ექიმის წინააღმდეგაა მიმართული. სისტემა ხელს არ უწყობს ექიმებს რომ მათ შეამცირონ შეცდომები. პროკურატურა უნდა გამოვიდეს სამედიცინო დაწესებულებების კონტროლიდან და ისინი უნდა აკონტროლონ სამედიცინო დარგობრივმა ასოციაციებმა“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
მისი თქმით, ქართულ სამედიცინო დაწესებულებებში ასევე ძალიან დიდი პრობლემაა ადამიანური რესურსები და სამედიცინო სერვისების დიგიტალიზაცია. როგორც მან აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულება უნდა მართოს ჯანდაცვის ექსპერტმა.
მისი პოზიციით, საქართველოში ჯანდაცვის სისტემის უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ის აგებულია ბუღალტრულ საქმიანობაზე და მასზე არის მორგებული სამედიცინო საქმიანობა, მაშინ, როცა აუცილებელია ექიმი ჩამოშორებული იყოს ბუღალტრულ პროცესებს, რათა მან მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობაზე იზრუნოს.
„მთავარი პრობლემაა ის, რომ ჯანდაცვის მთელი სისტემა აგებულია ბუღალტრულ საქმიანობაზე. ექიმს საერთოდ არ უნდა აინტერესებდეს ფინანსები. ექიმი არც უნდა ეკითხებოდეს პაციენტს, მას ფული აქვს თუ არა. ეს ექიმის საქმე არაა. ექიმები ბუღალტერიიდან უნდა იყვნენ მოხსნილი და ფოკუსირებული იყვნენ მარტო ჯანდაცვაზე. სამწუხაროდ, მახინჯი სისტემა განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ექიმები არიან ამაში ჩართული“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
როგორც მან განმარტა, აკრედიტაციის პროცესი ჯანდაცვის სისტემას აჩვენებს იმას, თუ სად არის მთავარი პრობლემები და როგორია მათი გადაჭრის გზები. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი წარმატებით დასრულდება და ამით ჯანდაცვის ქართულ სისტემაში უმნიშვნელოვანესი პროგრესი მიიღწევა.