ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში 290-310 ლარს ხელფასი ერქმევა და ეს არის დაცინვა ამხელა პასუხისმგებლობის მქონე აღმზრდელებისთვის, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნანა ტოხვაძემ პარტიის ოფისში საბავშვო ბაღის მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ტოხვაძის თქმით, ეს არის პრაქტიკულად ამ ადამიანების შიმშილისთვის გაწირვა.
„დღეს შევხვდით საჯარო საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებსაც საარსებო მინიმუმსაც კი სახელმწიფოსგან ვერ იღებენ. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში 290-310 ლარს ხელფასი ერქმევა და ეს არის დაცინვა ამხელა პასუხისმგებლობის მქონე აღმზრდელებისთვის, ბაღის თანამშრომლებისთვის და რატომ იცლება ქვეყანა და რატომ გარბიან ადამიანები ამ ქვეყნიდან?! – ამიტომ, რომ 300 ლარს დღევანდელ, გაძვირებულ ცხოვრებაში არ შეიძლება ერქვას ანაზღაურება. ეს არის პრაქტიკულად, ერთი მხრივ, ამ ადამიანების გაწირვა შიმშილისთვის და ცხოვრებასაც ვერ დავარქმევ, არსებობისთვის ბრძოლა, მაშინ როცა 40 ბავშვიან ჯგუფებში ამ ადამიანებს დილიდან – საღამომდე უწევთ მუხლჩაუხრელი შრომა და ჩვენი მომავალი თაობის სამსახური. ამისთვის ივანიშვილის პარტია და ხელისუფლება სთავაზობს 300-350 ლარიან დამცინავ, მიზერულ ანაზღაურებას“, – განაცხადა ტოხვაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.