„გავიგეთ, რომ ხელისუფლების მიზანი არაა, სამედიცინო ბაზარზე რაც შეიძლება ცოტა მოთამაშე დარჩეს“
გუშინ გავიგეთ, რომ ხელისუფლების მიზანი არაა, სამედიცინო ბაზარზე რაც შეიძლება ცოტა მოთამაშე დარჩეს.
ამის შესახებ ბიზნესასოციაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო კობახიძემ პრემიერსა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შორის გუშინ გამართული შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მან ისაუბრა იმაზე, რა პრობლემები და იდეები დააყენა სექტორმა ირაკლი კობახიძესთან საუბარში. ხაზი გაუსვა DRG-სისტემაში ცვლილებებისა და პირველადი ჯანდაცვის განვითარების აუცილებლობას.
DRG-ს თემაზე საუბრისას ნინო კობახიძემ აღნიშნა:
„ესაა ძალიან ნაჩქარევად გაკეთებული რეფორმა და ამ ნაჩქარევ რეფორმას ახლავს მთელი რიგი საკითხები, რომლებიც სწრაფ ჩარევას საჭიროებს. სწრაფი ჩარევის გარეშე ეს პრობლემები გროვდება, პრობლემას პრობლემა ემატება, ეს პრობლემები გროვდება და საინვესტიციო თვალსაზრისით ჩვენი სექტორი მიმზიდველი აღარ არის. არათუ მიმზიდველი არ არის, არსებული ინვესტორები შეშინებულები უყურებენ ამ პროცესს და მთელი რიგი ცვლილებები რომ არ განხორციელდეს, შეიძლება პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ,“ – განაცხადა ნინო კობახიძემ „ბი ემ ჯის“ ეთერში საუბრისას.
მისივე თქმით, პირველ რიგში, პრობლემებია ანაზღაურების მექანიზმის კუთხით, რომელშიც რეფორმის დაწყებისთანავე ბევრი ცვლილება განხორციელდა.
„იმდენად სწრაფად და ხელოვნურად მიმდინარეობდა ჩარევები, რომ ფიზიკურად გვიჭირდა, მოვრგებოდით გაზრდილი მინიმალური ხელფასების მოცულობას, გაზრდილ რეგულაციებს იგივე რეანიმაციის, ინფექციის კონტროლის, საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში. ამან გამოიწვია კოლაფსი სექტორის ზოგიერთ ადგილას, განსაკუთრებით რეგიონებში. თუმცა გასაგებია – შეიძლება სახელმწიფოს ინტერესი იყოს, რაც შეიძლება ნაკლები მოთამაშე დარჩეს ბაზარზე. თუმცა გუშინ გავიგეთ, რომ არაა ეს მიზანი. მიზანია ხარისხზე ორიენტირება, სამართლიანი ფასები, რადგან როცა 18-პროცენტიანი ინფლაციაა სახელფასო კუთხით და აქ არ იზრდება ხელფასები, სამედიცინო სექტორი დაჩაგრულ მდგომარეობაშია, ხელფასებს ვერ ვამატებთ პერსონალისთვის,“ – აღნიშნა ნინო კობახიძემ.
მისი თქმით, პრემიერთან შედგა კონსტრუქციული და საქმიანი საუბარი. მათ შორის განიხილეს პირველადი ჯანდაცვის განვითარების საკითხი და ის, რომ დროა, ამ თემისადმი სერიოზული მიდგომები იყოს და პრევენციაზე გადავერთოთ, ვიდრე სტაციონარულ მომსახურებაზე იხარჯებოდეს ფინანსები.
ბიზნესასოციაციის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრაზე სექტორს ასევე აინტერესებდა პრემიერის ხედვა ჯანდაცვის საკითხების მიმართულებით და, როგორც ნინო კობახიძემ აღნიშნა, გამოიკვეთა, რომ ეს ხედვა მდგომარეობს კერძო სექტორთან ერთად ეფექტიანი დანახარჯების მოდელის შექმნაში, რომელიც მიმართული იქნება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესისკენ.
jandacva.ge