ჯანდაცვის მინისტრი ონკოპაციენტებს პროტესტის შეწყვეტას სთხოვს

ჯანდაცვის მინისტრის ულტიმატუმი ონკოპაციენტებს – ადამიანებს, რომლებიც თვეებია ლიმიტირებულ დაფინანსებას და ქვეყანაში მათთვის აუცილებელი წამლების დეფიციტს აპროტესტებენ, აქციების შეწყვეტას სთხოვს და ირწმუნება, რომ პრობლემა ხელოვნურად არის შექმნილი.
რეალურად წამალი ქვეყანაში არის, თუმცა სარჯველაძის განცხადებით, პაციენტამდე ვერ მიდის, ამიტომ მინისტრი ონკოპაციენტებს პროტესტის ნაცვლად სამუშაო ჯგუფებში ჩართვას და პრობლემის მოგვარებას კონსულტაციების გზით სთავაზობს.
მძიმე დიაგნოზით დაავადებული პაციენტები “პირველებთან” ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის შეთავაზებას ვერ მიიღებენ, რადგან დაავადება პროგრესირებს, ამიტომ ადამიანებს მედიკამენტები სასწრაფოდ სჭირდებათ.
შეხვედრიდან გავიგეთ ის, რომ რიგი დაპირებები ისევ და ისევ. არც ერთი წამალი, რომელიც მე აუცილებლად და უწყვეტად უნდა მივიღო, რეგისტრირებული არ არის საქართველოში. მე ვიცი, რომ რაღაც შემცვლელები არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი, თუ რით შემიცვლიან. ამასობაში დრო გადის. ეს არ ხდება 1-2 დღეში და ამას რა მოყვება ყველამ კარგად ვიცით. ეს არის სასიკვდილო განაჩენი და ამ მდგომარეობაში მარტო მე არ ვარ, ძალიან ბევრი ადამიანია, სამწუხაროდ”, – ამბობს ონკოპაციენტი, ეთო ქურასბედიანი.
კავშირი “სიცოცხლისთვის” დამფუძნებელი 8 აპრილიდან პროტესტის პერმანენტულ რეჟიმში გადასვლას აანონსებს და აცხადებს, რომ ონკოპაციენტები იქამდე არ გაჩერდებიან, სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ იქნება დაკმაყოფილებული.
კონკრეტულად ვერავინ ვერ გვეუბნება იმ თარიღს, როდესაც ეს პრობლემები მოიხსნება. სწორედ ამიტომ პაციენტები ისევ პროტესტს აპირებენ და რა თქმა უნდა, ჩვენ 24-საათიან პროტესტზე გადავალთ 8 აპრილიდან. დავიწყებთ პროტესტის პარალელურად პრობლემების მოგვარებას, მაგრამ პროცესს ვერ დავაჩქარებთ, რადგან მინდა, რომ ხარისხიანად გაკეთდესო. მაგრამ დაავიწყდა ის, რომ ჩვენთვის, პაციენტებისთვის ყოველი დღე მნიშვნელოვანია, რადგან გვეღუპებიან პაციენტები”, – ამბობს გავნცა აფხაიძე.