ველოდებით ევროპულ საბჭოს, მაგრამ ვიცით, რომ იქნება თანხმობა. საქართველოს მივესალმებით დიდი სიხარულით. დაიწყება ის პროცესი, რომელიც ხორვატიამ ძალიან კარგად იცის, რადგან ორგანიზაციას 2013 წელს შევუერთდით, – ამის შესახებ ხორვატიის პარლამენტში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავორ დრეტარმა განაცხადა.
„გზა არ არის მარტივი. იმედი გვაქვს, საქართველოს არ შეხვდება ისეთი პრობლემები, როგორებიც ხორვატიას, მაგრამ ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ და რაც დაგჭირდებათ, ყველაფერში თქვენ გვერდით ვიქნებით. როდესაც სიძნელეებზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ მოლაპარაკებებში თითოეული თავის წარმატებით დახურვას. იყო სიძნელეები, მაგრამ ჩვენ შევძელით და გადავლახეთ ისინი. ეს გზა გაიარა ყველამ. წევრობისთვის ტრანსფორმაციაა საჭირო, რადგან მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს, ისევე როგორც წევრობის მსურველ ყოველ ქვეყანას, მოეთხოვება აბსოლუტურად მაღალი სტანდარტი პოლიტიკაში, დემოკრატიასა და მაგალითად სოფლის მეურნეობაში. ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტი ცვლილებას მოითხოვს და მჯერა, საქართველო ამას შეძლებს, წარმატებით გაივლის ამ გზას. უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს. მხოლოდ მეგობრობას, მშვიდობას, თანამშრომლობას შეუძლია ევროპელებისთვის კეთილდღეობის მოტანა“, – განაცხადა დრეტარმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელობით ზაგრებში, პარლამენტში შეხვედრებს მართავს.