ზუსტად ქართველი ქალი არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ ამ ქვეყანას მომავალი წაართვათ, – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტში, სადაც საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირების აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.
სხდომაზე დეპუტატმა ოპოზიციონერი ქალი პარლამენტარების როლზე ისაუბრა, რომლებიც მისივე თქმით, პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას.
„საქართველოს არსებულ პარტიებში არ არის ისეთი შიდა დემოკრატია, სადაც შეიძლება, რომ ქალმა თანასწორობის პრინციპით მიაღწიოს იმას, რა კომპეტენცია და რა პროფესიონალიზმიც აქვს. მე გულწრფელად რომ გითხრათ, ამ დარბაზში „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი ქალი მირჩევნია „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი კაცს კომპეტენციით, პროფესიონალიზმით და თავდადებით, მაგრამ თქვენ ხომ ამ ქალებსაც არ სცემთ პატივს, ბატონო მამუკა. გენდერზე რომ მიიღეთ გადაწყვეტილება კვოტები გაგეუქმებინათ, თქვენ ხომ თქვენს ქალებსაც არ ეცით პატივი? თქვენმა ქალებმა ხომ არაფერი იცოდნენ ამასთან დაკავშირებით? იმიტომ, რომ თქვენ ფიქრობთ, ამ დარბაზში თურმე, 100% კაცი ვინც არის, ისინი დამსახურების მიხედვით არიან. არ არიან დამსახურების მიხედვით! ამ დარბაზში არიან კაცები, რომლებსაც ოთხი წლის განმავლობაში, ხმა არ ამოუღიათ და ოპოზიციაში ყველა ქალი ლაპარაკობს, ყველა ქალი პრობლემებზე ლაპარაკობს. ოპოზიციაში არიან ადამიანები, ქალები განსაკუთრებით, რომლებიც საკუთარი რისკის, ჯანმრთელობის ფასად გიპირისპირდებიან თქვენ და ივანიშვილის რეჟიმს. თქვენმა კოლეგამ, [ირაკლი] ბერაიამ შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენ კოლეგა ქალს, თეონა აქუბარდიას, გაგახსენოთ ის სიტყვები? მაგრამ მე არ მახსოვს გამოსული არცერთი კაცი დეპუტატი, თეონა აქუბარდია რომ დაეცვა და არც ქალი, სხვათა შორის. ამიტომ თქვენ, ქალების სახელით ნუ ლაპარაკობთ, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ გაქვთ, რას განიცდიან ჩაგრული ქალები, რას განიცდიან ქალები რეგიონებში. აქ საუბარი არ არის ჩვენს თავზე, ჩვენ მოხვდებით თუ არა პარლამენტში, ხატია დეკანოიძე, ანა ნაცვლიშვილი ან თუნდაც ნებისმიერი თქვენგანი. ჩვენი, პოლიტიკოსების მოვალეობა არის ის, რომ ჩაგრულ ადამიანებზე, ჩაგრულ ქალებზე, ჩაგრულ ბავშვებზე უნდა ვიფიქროთ, შშმ პირებზე, რომელთა პრობლემებზე აქ ძალიან ცოტა ადამიანი მუშაობს, მაგრამ თქვენ ეს პრობლემები არ გაინტერესებთ“, – მიმართა ხატია დეკანოიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.
ამასთან, დეპუტატმა მოუწოდა „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატებს, რომ იბრძოლონ საკუთარი უფლებებისა და თანასწორობისთვის.
„როდესაც თქვენი კაცები იმისთვისაც არ გაგდებენ არაფრად, რომ თქვენთან მოილაპარაკონ კვოტების საკითხზე და თქვენთან კონსულტაციები ჰქონდეთ, ეს არის შეურაცხყოფა. ეს არის არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობის დაქალების შეურაცხყოფა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ამასთან, მან გაიხსნება 2023 წლის 7-8 მარტის აქციების მოვლენები, როდესაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე ევროკავშირის დროშა ეჭირა აქციის ერ-ერთ მონაწილე ქალს, ნანა მალაშხიას.
„მნიშვნელოვანი, სიმბოლური სურათი იყო, ჩვენი მოქალაქეების სურვილი, როდესაც ქართველმა ქალმა დაიჭირა ევროკავშირის დროშა და ზუსტად ქართველი ქალი არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ ამ ქვეყანას მომავალი წაართვათ“-განაცხადა დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძის გამოსვლას ადგილიდან გამოეხმაურა „ქართული ოცნების“დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, რაზეც ხატია დეკანოიძემ ასე უპასუხა:
„არ მოგწონთ რა პოზიციაშიც ხართ, ნამდვილად ძალიან სუსტად გამოიყურებით, გულწრფელად რომ გითხრათ, ძლიერად არ გამოიყურებით. ძალიან სუსტად გამოიყურებით ყველა ერთად, მათ შორის ყვირილიც ხომ სისუსტის ნიშანია? რა გგონიათ, კაცი რომ იყვირებს ქალს შეეშინდება? თუ მე შემეშინდება ახლა თქვენ რომ ყვირით, ბატონო ირაკლი? – მიმართა დეკანოიძემ ირაკლი ქადაგიშვილს.