1 აპრილს, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის სამოქალაქო სასამართლოში $175 მილიონის ოდენობის გირაო დაფარა. ამით ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა მის წინააღმდეგ წარმოებულ სამოქალაქო საქმეში, თავიდან აიცილა შტატის ხელისუფლების მიერ აქტივების ჩამორთმევა, რაც მისი ბიზნესიმპერიის საქმიანობას მნიშვნელოვანი შეფერხებით ემუქრებოდა.
ნიუ-იორკის სასამართლომ ტრამპს 16 თებერვალს პასუხისმგებლობა დააკისრა საკუთარი ქონების შეფასებისას, მილიარდობით დოლარის თაღლითურად გადაჭარბების გამო, რათა სესხისა და დაზღვევის უკეთესი პირობები მოეპოვებინა. დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე დიდი ალბათობით რესპუბლიკური პარტიის ნომინანტი იქნება და სავარაუდოდ, დემოკრატიული პარტიიდან ქვეყნის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება.
ტრამპს დაეკისრა ზარალის და დამატებით მიღებული შემოსავლის, სულ 454 მილიონი დოლარის გადახდის ვალდებულება. ყოფილი პრეზიდენტის გუნდი საქმეს ასაჩივრებს.
25 მარტს, სააპელაციო სასამართლომ მისცა თანხმობა ტრამპის გუნდს, გადაწყვეტილების გასაჩივრება უფრო მცირე თანხის 10 დღის ვადაში შეტანით მოეხდინა.
სააპელაციო სასამართლოში სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია, თავად ნიუ-იორკის სასამართლოს დადგენილებასთან დაკავშირებით, ტრამპის საჩივარს განიხილავს. სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია და გირაოს შემცირება არ მიანიშნებს იმაზე, თუ რა დასკვნას გამოიტანს კოლეგია ნიუ-იორკის სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით.
თავად დონალდ ტრამპი დანაშაულს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ მიმდინარე მრავლობით სასამართლო პროცესს პარტიულ დევნად, კუდიანებზე ნადირობად თვლის.