“ბიბლუს ჯგუფი” სლოვენიასა და ხორვატიაში “XS Toys”-ის ფილიალებს გახსნის – კომპანიის დირექტორი

წიგნებისა და სათამაშოების უმსხვილესი რითეილერი საქართველოში, “ბიბლუს ჯგუფი” მომდევნო წელს სლოვენიაში “XS Toys”-ის კიდევ ერთ, რიგით მესამე მაღაზიას გახსნის. კომპანიას მოლაპარაკებები აქვს ხორვატიის ბაზარზე შესასვლელადაც – ამის შესახებ BM.GE-სთან “ბიბლუს ჯგუფის” გენერალური დირექტორი, ირაკლი გაგნიძე საუბრობს.
“მოლაპარაკებები მიმდინარეობს ხორვატიის ბაზარზე შესასვლელად. ბაზრის შესწავლის პროცესში ვართ და ადგილობრივ ქსელებთან გვაქვს მოლაპარაკება საიჯარო ფასებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სლოვენიაში ვხსნით მესამე ფილიალს 2024 წლის დასაწყისში”, – ამბობს ირაკლი გაგნიძე.
“ბიბლუს ჯგუფმა” სლოვენიაში პირველი მაღაზია 2022 წლის დეკემბერში, მეორე კი 2023 წლის აგვისტოში გახსნა. კომპანიის დირექტორის თქმით, მაღალმა მოთხოვნამ დამატებითი ფილიალების გახსნის საჭიროება გააჩინა.
“სიტუაცია იმდენად კარგად წავიდა, რომ გაჩნდა საჭიროება, ახალი ფილიალების გახსნის პროცესი კიდევ უფრო გაგვემარტივებინა. იქ ჩვენი ბრენდი საკმაოდ კარგად მუშაობს. პირველი ობიექტი, მოლოდინებთან შედარებით, გეგმურად განვითარდა, მეორემ კი მოლოდინებს გადააჭარბა. აქედან გამომდინარე ვცდილობთ, დავაჩქაროთ განვითარების პროცესი”, – ამბობს ირაკლი გაგნიძე.
XS Toys-ის ახალი ფილიალი ლუბლიანაში გაიხსნება და მისი საინვესტიციო ღირებულება 350 ათასი ევრო იქნება: “შედარებით პატარა ფილიალი ცენტრალურ ქუჩაზე, გამორჩეულ ადგილას გაიხსნება”.
“ბიბლუს ჯგუფი” სავაჭრო ობიექტებს საქართველოშიც ავითარებს. ირაკლი გაგნიძის თქმით, წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 20-მდე ახალი ფილიალი გაიხსნა, როგორც “ბიბლუსის” ასევე სათამაშოების მაღაზიებისა და კაფეების.
“საქართველოშიც კარგად განვვითარდით, მათ შორის რეგიონალურ ნაწილშიც. დავამატეთ ფრანჩაიზებიც: მეოთხეს ვხსნით ამ ეტაპზე და, წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, მეხუთესაც გავხსნით. “გრანდ მოლში” ხუთი სხვადასხვა ობიექტი გავხსენით, და ქვეყნის მასშტაბით წლის განმავლობაში 20-მდე ობიექტი დავიმატეთ. მიმდინარეობს მოლაპარაკებებიც შემდგომ გაფართოებაზე” – აცხადებს “ბიბლუს ჯგუფის” გენერალური დირექტორი.
“ბიბლუსი ჯგუფი” საქართველოში ისეთ ქსელებს აერთიანებს, როგორიცაა: წიგნების მაღაზია „ბიბლუსი“, სათამაშოების მაღაზია „პეპელა“ და “XS Toys”, მულტიფუნქციური სავაჭრო სივრცეების ქსელი „მულტი“ და კაფეების ქსელი „პიატო“. ჯამში ჯგუფი 150-მდე სავაჭრო სივრცეს ფლობს.

ასევე დაგაინტერესებთ