ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე თურქეთის ეროვნული გუნდი იქნება. შეხვედრა დორტმუნდში, “ბორუსიას” ლეგენდარულ სტადიონზე, “სიგნალ იდუნა პარკზე” ჩატარდება, რომელიც 81 365 მაყურებელს იტევს.
თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად 1996 წელს გავიდა. მათ ბოლო 8 ევროპირველობიდან ექვსში მიიღეს მონაწილეობა, რაც სერიოზული მიღწევა და გამოცდილებაა. აღსანიშნავია, რომ 1996 წელს ნაკრებში მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაწილეები თამაშობდნენ. ამ დროს თურქული ფეხბურთის განვითარებაში თავისი წვლილი შოთა და არჩილ არველაძეებმა შეიტანეს, რომლებიც “ტრაბზონში” გამორჩეულები იყვნენ და ამას იქაურებიც აღიარებენ.
თურქებმა
პლეი-ოფში პირველად 2000 წელს გააღწიეს, როცა მათ ჯგუფში იტალია, თანამასპინძელი ბელგია და შევედეთი ჰყავდათ. ეს იყო გუნდი, რომელიც არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელით იყო დაკომპლექტებული და 2 წლის შემდეგ კორეა-იაპონიის მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება პირველ წარმატებას და 2000 წელს. პირველ ტურში იტალიელებთან (1:2) დამარცხდნენ, ინძაგისა და კონტეს გოლებს მხოლოდ ოქან ბურუქმა უპასუხა, მაგრამ ოთხეულიდან გასვლა შეძლეს. მეკარე რუშთუ რეგბერი, უმით დავალა, ემრე ბელოზოღლუ, ჰასან შაში, ილდირაი ბაშთურქი, ჰაქან შუქური… – ამ დროის ნაკრებში მართლაც ვარსკვლავები თამაშობდნენ.
მომდევნო წარმატება მუნდიალის ბრინჯაოდან ექვსი წლის შემდეგ მოვიდა. ფათიხ ტერიმის ხელმძღვანელობით მოასპარეზე თურქეთის ნაკრებმა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალამდე გააღწია.
ჩვენმა მომავალმა მეტოქეებმა, თურქებმა და ჩეხებმა ევრო 2008-ის ჯგუფურ ეტაპზე დაუვიწყარი მატჩი გვაჩუქეს. ჩეხები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, 89-ე წუთზე კი ნიჰათ კაჰვეჩიმ საბოლოო ანგარიში, 3:2 დააფიქსირა და გუნდი პლეი-ოფში გაიყვანა. არანაკლები ამბები ხდებოდა უკვე ხორვატიასთან მეოთხედფინალში. ხორვატებმა გოლი დამატებითი დროის ბოლოს, 119-ე წუთზე გაიტანეს და თითქოს ყველაფერი გადაწყდა, მაგრამ სემიჰ შენთურქმა შეხვედრა პენალტებში გადაიყვანა, სადაც თურებმა გაიმარჯვეს.
თურქეთისა და საქართველის ნაკრებები პირველად ერთმანეთს 2002 წელს, ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. ჩვენ მოწინააღმდეგეებს მაშინ ძლიერების პიკი ედგათ, ცოტა ხნით ადრე მსოფლიო ჩემოიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ტრაბზონური დაპირისპირება მათი გამარჯვებით (3:0) დასრულდა.
ამავე სტადიონზე უკვე ოფიციალური, მსოფლიოს 2006 წლის შესარჩევი შეხვედრა ფრედ (1:1) დაფიქსირდა – მალხაზ ასათიანმა 85-ე წუთზე რუშთუ ბადეში გაახვია.
თბილისურ დაპირისპირებაში ბევრი რამ მოხდა. მეკარე აკაკი დევაძემ შეჯახებისას მძიმე ტრავმა მიიღო და ცოტა ხნით გონებაც დაკარგა. მოედნის დატოვება ოთარ ხიზანეიშვილსაც მოუწია. საწყის 20 წუთში ყველაფერი ეს და ანგარიში 1:3 “ჩაეტია.” ალენ ჟირესის გუნდმა იბრძოლა, ალექსანდრე იაშვილმა ტაიმის ბოლოს ანგარიში შეამცირა, მაგრამ სხვა ვერაფერი შეძლო -2:5. ამ მატჩში გოგიტა გოგუა გააძევეს.ამის შემდეგ თურქებს ამხანაგურ შეხვედრებში ჯერ მოვუგეთ და შემდეგ დავმარცხდით.
ცოტა ხნის წინ, თურქეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩში ავსტრიასთან (1:6) განადგურდა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ვინჩენცო მონტელას ფეხბურთელებს არასტაბილურობა ჩვევიათ, თუმცა ჩვენი მეტოქეები დიდ ფორუმებზე ყოველთვის ახერხებენ, გარკვეული თამასა ეჭიროთ.
თურქეთის ნაკრები ბურთს კარგად ფლობს და ეს თითქმის ყველა მეტოქესთან გამოსდის, მაგრამ მათ თავის დაცვაც მშვენივრად შეუძლიათ. ამის საილუსტრაციოდ ერთ შეხვედრაზე გეტყვით. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქებმა სტუმრად ხორვატიას (1:0) აჯობეს. პირველ ნახევარში გაიტანეს და მეორე 45 წუთში ხორვატების შეტევების მოგერიება უწევდათ. მონტელას გუნდს მთელი ტაიმის განმავლობაში კუთხური არ ჩაუწოდებია და ბურთი 39 პროცენტით ეჭირა, ამის მიუხედავად, გატანა მაინც შეეძლო. ეს ნიშნავს, რომ კონტრშეტევებზეც სახიფათო გუნდია.
მონტელა ხშირად 4-1-4-1 ტაქტიკური სქემით თამაშობს. როცა მინდვრის ცენტრში ორი ფეხბურთელი ჰყავთ, ერთ-ერთი აუცილებლად მკვეთრად ჩამშლელი სტილისაა.
ცენტრში ჩვენთან თამაშის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სალიჰ ოზჩანია, რომელიც საკუთარი გუნდის, “ბორუსიას” სტადიონზე ითამაშებს. მის გვერდით კი ჰაკან ჩალხანოღლუ იქნება, რომელსაც “ინტერში” შესანიშნავი სეზონი აქვს. საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვა ბოლო მატჩებში მოსაწონი იყო როგორც ართმევის, ასევე შექმნის ასპექტში და ბურთის გაკონტროლებასაც ახერხებდა, მაგრამ მეორე ტაიმსა და დამატებით დროში დაღლილობა აშკარად დაეტყო. ევროპის ჩემპიონატი სულ სხვა დონის ტურნირია, სადაც კიდევ უფეო მეტი იქნება საჭირო.
თურქეთის ნაკრების დაცვის მარცხენა ფლანგი “ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელას, ჩენგ ოზქაჩარს აქვს ჩაბარებული. მას ბოლო დროს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.
მართალია, მადრიდის “რეალში” ჯერჯერობით ცოტას თამაშობს, მაგრამ თურქებს ჰყავთ 19 წლის არდა გულერი, რომელსაც როგორც გატანა, ასევე მნიშვნელოვანი პასების შესრულება შეუძლია. ფორვარდის პოზიციაზეც პერსპექტიული ფეხბურთელია, ტურინის “იუვენტუსის” 18 წლის წევრი, კენან ილდიზი…
რა თქმა უნდა, თურქეთის ნაკრებს დორტმუნდში მხარდაჭერა არ მოაკლდება და მნიშვნელოვანია, მის გარეშე არც ჩვენი ნაკრები იყოს. არსებობს ტერმინი “გერმანიის თურქობა” და ამ ქვეყანაში ბოლო ათწლეულებში მილიონობით ადამიანი გადასახლდა, დორტმუნში კი მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრია.
თურქეთის ნაკრეთან დაპირისპირება 18 ივნისს, ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.