ქართულ ბაზარზე მაროკოული ავოკადო შემოვიდა, რომელიც თურქულზე მკვეთრად იაფია

EastFruit-ის ანალიტიკოსების თქმით, 2024 წლის მარტში, საქართველოს ავოკადოს ბაზარზე უჩვეულო მოვლენა მოხდა – პირველად განხორციელდა მაროკოდან ჰასის ავოკადოს პირდაპირი საბითუმო მიწოდება. ამან შესაძლებელი გახადა ქართული ბაზრისთვის ჯერ კიდევ არასტანდარტული ავოკადოს ჯიშისა და სახეობის შეთავაზება უფრო ხელმისაწვდომ ფასად – 1 კგ დაახლოებით $4,8. ზოგადად საქართველოში ავოკადოს სტანდარტული საცალო ფასი კილოგრამზე $6,5-დან $7-მდე მერყეობს და ძირითადად თურქეთიდან შემოდის.
როგორც EastFruit-ი წერს, მაროკოდან საქართველოში მიეწოდებოდა პრემიუმ ჰასის ჯიშის მწიფე ავოკადო, თურქეთიდან კი მწვანე Fuerte.
„ამავდროულად, ქართველ მომხმარებელს ავოკადოსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ აკლია გამოცდილება, ამიტომ შეცდომით მიაჩნიათ, რომ ავოკადოს მუქი ფერი იმის ნიშანია, რომ ის გადამწიფებულია და აღარ შეიძლება მისი მოხმარება და ურჩევნიათ მწვანე, დაუმწიფებელი ხილი, რომელიც არ აძლევს მათ საშუალებას სრულად დააფასონ ავოკადოს გემო. თუმცა, მაროკოს მიწოდების წყალობით, ეს მცდარი წარმოდგენა შეიძლება დაიძლიოს,“ – ნათქვამია EastFruit-ის სტატიაში.
2023 წელს საქართველომ ავოკადოს იმპორტი 80%-ით გაზარდა და იმპორტის მოცულობამ პირველად 1500 ტონას გადააჭარბა. ამ ფონზე ადგილობრივმა კომპანიებმა საქართველოში ავოკადოს მოყვანაც კი სცადეს, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ზამთარი ძალიან ცივი იყო ამ სითბოს მოყვარული კულტურისთვის.