საპროცესო კანონის დარღვევები, განხილვის გაჭიანურება და სხვა – 20-ზე მეტი NGO გრიგორიადისის საქმეს აფასებს

20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ს საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ განხილვები უსაფუძვლოდ ჭიანურდება. საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში ისინი ვარაუდობენ, რომ გრიგორიადისი “სამართლიან მართლმსაჯულებას ვერ მიიღებს”.
“ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და ჯერ-ჯერობით უცნობია როდის გამოიტანს სასამართლო განაჩენს. პროცესის უსაფუძვლოდ და არაგონივრულად გაჭიანურების და სხვა მძიმე საპროცესო დარღვევების ფონზე სულ უფრო ღრმავდება ეჭვი, რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი კლანური სასამართლოს ხელში ლაზარე გრიგორიადისი სამართლიან მართლმსაჯულებას ვერ მიიღებს […] დღეისათვის ნათელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა უკვე უსაფუძვლოდ გაჭიანურდა, რაც ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების კიდევ ერთი ასპექტის – საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლების დარღვევის ნიშნებს შეიცავს”, – აცხადებენ ორგანიზაციები.
ისინი ეხმარებიან 28 მარტს, გრიგორიადისის სხდომის გადადებას იმ მოტივით, რომ თავად ბრალდებული სასამართლოში არ გამოცხადდა. მოსამართლე ზვიად შარაძემ გრიგორიადისს პროცესზე დისტანციურად დასწრების უფლება არ მისცა. მან მიზეზად დაასახე ის, რომ დაცვის მხარეს “არ ჰქონდა წარდგენილი მიზეზი”, რის გამო ვერ ახერხებდა სასამართლოში გამოცხადებას.
არასამთავრობო ორგანიზაციები განმარტავენ, რომ სხდომაზე დისტანციურად დასწრება ბრალდებულის უფლებაა, რომლის გამოყენებისას არავითარი მიზეზის დასახელება საჭირო არ არის. მათი თქმით, მოსამართლე ზვიად შარაძემ “უხეშად დაარღვია სისხლის საპროცესო კანონის მოთხოვნა, როდესაც ლაზარე გრიგორიადისს მოსთხოვა ის, რაც მას კანონით არ ევალება”.

ასევე დაგაინტერესებთ