რუსთავის მერიამ კამპანია „თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში, რეგიონული ახალგაზრდული ქსელი შექმნა. პროექტი, რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კონტაქტების დამყარებას, მუნიციპალიტეტებში დანერგილი სიახლეებისა და მიმდინარე პროექტების გაცნობას ისახავს მიზნად.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, პროექტის პირველ ეტაპზე, რუსთავის მერიის ახალგაზრდულმა დეპარტამენტმა, ქვემო ქართლის 6 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თანატოლებს უმასპინძლა.
„ახალგაზრდულმა პროექტმა ,,თაობა მომავლისთვის”, რომლის ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრ რუსთაველ ახალგაზრდას შევხვდით, გაფართოვდა და რეგიონული მასშტაბი შეიძინა. ამ პროექტის ახალ ეტაპზე უკვე რეგიონების ახალგაზრდებს ვუმასპინძლებთ. დღეს ქვემო ქართლის რეგიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს შევხვდით, ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე და იმ იდეებზე, რომელიც ჩვენი ქალაქების, მუნიციპალიტეტებისა და ქვეყნის განვითარებისთვის გვინდა, რომ ყველამ ერთად განვახორციელოთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში, ახალგაზრდებმა, რუსთავის მუნიციპალური სერვისების ახალი ცენტრი, მედიათეკა, ნიჩბოსნობის სკოლა, სპორტის სასახლე, ქალაქის ისტორიული მუზეუმი, ოქსიგენის საფესტივალო სივრცე და იპოდრომი დაათვალიერეს.
გარდაბნიდან, მარნეულიდან, თეთრიწყაროდან, წალკიდან, ბოლნისიდან და დმანისიდან ჩამოსული ახალგაზრდები, „თაობა მომავლისთვის” ქსელში გაერთიანებულ რუსთაველ ახალგაზრდებთან ერთად, იპოდრომის სივრცეში ქალაქის მერს ნინო ლაცაბიძეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი დოხტურიშვილს, საქართველოს პარლამენტის წევრს ალექსანდრე დალაქიშვილს, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილს შეხვდნენ და მათთვის აქტუალურ საკითხებზე დისკუსია გამართეს.
მათივე ცნობით, ახალგაზრდული პროექტები, იდეები, განათლება, სპორტი, კულტურა, ეს ის საკითხებია რაზეც ახალგაზრდებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგი გაიმართა.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, მოვიცავით ისეთი სფეროები, როგორიცაა: ახალგაზრდული განვითარება, კულტურა, სპორტი, მუნიციპალური და რეგიონული საკითხები. ასეთი შეხვედრები და ინიციატივები მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც ჩვენს ცხოვრებაში ე.წ. “ნეთვორქინგს” ახალი იდეებისა და ინიციატივების გაჩენა შეუძლია”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.
კამპანია “თაობა მომავლისთვის“, რუსთავის მერიამ მუნიციპალიტეტის მუშაობაში და ქალაქის ახალ განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის მიზნით, გასულ წელს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, არაერთი პროექტი განხორციელდა. ახალი ქსელი, კამპანიის მორიგი პროექტია და ის, ქვემო ქართლში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კონტაქტების დამყარებას და რეგიონის განვითარებაში მათ ჩართულობას შეუწყობს ხელს.