“ფსიქოლოგიურად გამიჭირდა, საავადმყოფოშიც აღმოვჩნდი… დედობაზე კარგი არაფერი არ არის, ამას ჩემს ასაკში უფრო კარგად ვგრძნობ” – ქეთი მელუას ორი ქორწინება, დედის ამპლუა და გზა დიდი წარმატებისკენ – Marao
ქეთი მელუა 1984 წლის 16 სექტემბერს საქართველოში, ქუთაისში დაიბადა. ცხოვრების პირველი წლები ბებიასა და ბაბუასთან თბილისში გაატარა, მოგვიანებით კი მშობლებთან და ძმასთან ერთად ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად. 1993 წელს, საქართველოს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, ქეთის ოჯახი საცხოვრებლად ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბელფასტში წავიდა. ქეთი მელუამ წმინდა კეთრინის სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი დაამთავრა მაშინ, როცა მისი უმცროსი ძმა პროტესტანტულ სკოლებში სწავლობდა.
1998 წელს ქეთისთან ერთად ოჯახი რედჰილში, ინგლისში გადასახლდა. “საქართველოდან ემიგრანტების ოჯახი ვიყავით და ვთვლიდით, რომ ბედნიერი ოჯახი ვიყავით, რადგან თავი დავაღწიეთ საბჭოთა კავშირის ჩრდილს და დასავლეთში წამოვედით” – ამბობდა ქეთი მელუა.
ქეთის მუსიკალური კარიერა სწორედ ინგლისში განვითარდა, თუმცა იყო პერიოდი, როცა მას ისტორიკოსობა და პოლიტიკოსობა სურდა. მისი მომავალი ძირეულად შეიცვალა 2000 წელს, როდესაც 15 წლის ქეთიმ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის სატელევიზიო არხ ITV-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში, სახელწოდებით “Stars Up Their Nose”, რომელიც იყო ნაწილი საბავშვო პროგრამისა “Mad for it!”. კონკურსზე ქეთიმ შეასრულა Badfinger-ის ცნობილი სიმღერა, სახელწოდებით “Without You” და გაიმარჯვა.
ქეთი მელუა დაქორწინებული იყო მსოფლიო ჩემპიონ ჯეიმზ ტოუსლენდზე, თუმცა მათი ოჯახი მალევე დაინგრა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა. “ვერ წარმოვიდგენდი, რომ 36 წლის ასაკში ახლად განქორწინებული ვიქნებოდი და ჯერ კიდევ არ მექნებოდა ის ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ორიოდე ზაფხულის წინ ერთი ადამიანი გავიცანი. პანდემიის დროს, ერთმანეთს, ძირითადად, ონლაინ ვეხმიანებოდით. უნაყოფობის შესახებ ფიქრები კვლავ ამეკივიატა, ამიტომ გავყინე კვერცხუჯრედები, როგორც ბევრი ქალი აკეთებს ამას. მალე პანდემია დასრულდა და ურთიერთობაც განვაახლეთ. ვიცოდი, რომ ახლა შემეძლო მისი გაცნობით სიამოვნება მიმეღო. ერთ დღესაც კი ჩემი აზრი გავუზიარე და ვკითხე, იყო თუ არა მზად მამობისთვის. ხშირად მეუბნებიან, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად 3 თვეა საჭირო, ზუსტად სამი თვის შემდეგ კი გამომიცხადა, რომ მზად იყო” – ამბობდა ქეთი პირად ცხოვრებაზე საუბრისას.
ამჯერად ქეთი ლელა მებურიშვილის რუბრიკის სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებასა და კარიერაზე ისაუბრა:
“მეგონა, როცა დედა გავხდებოდი, ხასიათიც შემეცვლებოდა, თუმცა ამას ვერ ვამჩნევ. სანდროსთან ერთად როცა ვარ, ყველა კარგი მოგონება მახსენდება.
დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ დედობისთვის მოვმზადებულიყავი. პირველი სამი თვე მე და ჩემი პარტნიორი ვუვლიდით. მერე მუშაობა მომენატრა. რა თქმა უნდა, დედობაზე კარგი არაფერი არ არის, ამას ჩემს ასაკში უფრო კარგად ვგრძნობ.
დედ-მამაზე ვგიჟდები მათი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას აქვს წარმატების ინდივიდუალური გზა. მე პირადად ფსიქოლოგიურად გამიჭირდა. ამაზე ახლა ყველა ვლაპარაკობთ, მაგრამ მაშინ ასე არ იყო. ერთხელ საავადმყოფოშიც აღმოვჩნდი. ოჯახი ძალიან დამეხმარა და გამოვკეთდი. ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. შეიძლება ბევრი სირთულე გაიარო, მაგრამ აუცილებელია ეს ვინმეს მოუყვე, არ არის აუცილებელი ახლობელ იყოს, ვიღაც აუცილებლად მოგისმენს” – ამბობს ქეთი მელუა.