დიმიტრი ხუნდაძე – პარტნიორების შეშფოთება არის უსაფუძვლო, თუკი ვინმე ახალ ინიციატივაში უფლებრივი ნაწილის შესუსტებას ნახავს, მზად ვიქნებით რეკომენდაციები გავითვალისწინოთ – დღეს უმცირესობის უფლება დაცულია, თუმცა უმრავლესობის უფლება დასაცავია

პარტნიორების შეშფოთება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. თუკი ვინმე ახალ ინიციატივაში უფლებრივი ნაწილის შესუსტებას ნახავს, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ რეკომენდაციები გავითვალისწინოთ, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, მ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, უმრავლესობის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ დღევანდელ რეალობაში უმცირესობის უფლება დაცულია, თუმცა უმრავლესობის უფლება დასაცავია.
“აქტიურად მიმდინარეობს მსოფლიოში მოსახლეობის ბიომასად ქცევის პოლიტიკა და ამ საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოში იქმნება პრევენციული ღონისძიება, რომ პროპაგანდა არ იყოს დაშვებული. ოპოზიცია თავს იკავებს არათუ ჩართულობისკენ, არამედ შეფასებებისგანაც კი. ეს ბუნებრივია, ჩვენ არ გვქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიცია ამაში აქტიურად ჩაერთვებოდა. პარტნიორების შეშფოთება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. თუკი ვინმე ახალ ინიციატივაში უფლებრივი ნაწილის შესუსტებას ნახავს, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები. სექსუალური ორიენტაციის მქონე პირთა უმცირესობის წარმომადგენლების უფლებები დაუცია, ამიტომ დასაცავია უმრავლესობის უფლებები. თუ “პრაიდი” უმრავლესობის უფლებების არ დაცვისკენ მოგვიწოდებს, რა თქმა უნდა, ამას ვერ გავითვალისწინებთ,” – განაცხადა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი – ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.
“ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით – “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: – “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ