„თუ ამ სიმპტომებიდან 5 მაინც გაქვთ და ეს 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება…“ – ნახეთ ექიმის გაფრთხილება

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში დეპრესიისთვის დამახასიათებელ 9 ძირითად ნიშანს ასახელებს და აღწერს, როგორ შეიძლება თითოეული მათგანი ადამიანის ცხოვრებაში გამოვლინდეს:
– თუ გუნება-განწყობილება დაქვეითებული გაქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც დეპრესია გაქვთ.
დეპრესიის დიაგნოზი რომ დავსვათ, აუცილებელია 9 ნიშნიდან 5 მაინც გქონდეთ:
დეპრესიის პირველი აუცილებელი ნიშანი გუნება-განწყობის დაქვეითებაა. თუმცა, გუნება-განწყობის დაქვეითება 1 საათი კი არა, მთელი დღის განმავლობაში გრძელდება. თავს ისე გრძნობთ, თითქოს ცარიელი, გამოფიტული, დათრგუნული ხართ. ეს ნიშანი შეიძლება შენში სხვებმაც შენიშნონ, გამჩნევენ, რომ ხასიათზე ვერ ხართ, თითქოს, მტირალაც გახდით. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ამით დეპრესია გამოვლინდეს.
დეპრესიის მეორე ნიშანი ინტერესის, სიამოვნების განცდის დაკარგვაა. მაგალითად, თუ აქამდე საღამოს ფილმის ყურება გსიამოვნებდათ, ახლა ეს აღარ განიჭებთ ბედნიერებას. ან გსიამოვნებდათ საკვების მომზადება, შვილებთან, მეგობართან ერთად სადმე გასეირნება, მაგრამ ახლა აღარ გსიამოვნებთ – ინტერესის დაკარგვა დეპრესიის ძალიან მკაფიო ნიშანია.
მესამე ნიშანი წონის მატება, ან წონის კლებაა. ორივე მათგანი შესაძლებელია. მაგრამ, ასეთ დროს წონის მატება, ან კლება 5%-ზე მეტი უნდა იყოს. მაგალითად, თუ 70 კილოგრამი ხართ, დეპრესიის დროს 1 თვის განმავლობაში შესაძლოა, 3,5 კილოგრამზე მეტი მოიმატოთ ან დაიკლოთ. როცა ადამიანი დეპრესიაშია, მადა ემატება და “მაცივარში ცხოვრობს”, ან პირიქით, მადა უქვეითდება და აღარაფერი სიამოვნებს.
დეპრესიის დროს შესაძლებელია ძილის დარღვევა გამოვლინდეს. ზოგიერთ ადამიანს მომატებული ძილიანობა აქვს. მაგალითად, თუ 8 საათი ეძინა, ახლა 12 სძინავს. ზოგთან კი, პირიქით, შეიძლება უძილობით გამოვლინდეს.
დეპრესიის კიდევ ერთი ნიშანი შეიძლება ფსიქომოტორული აჟიტირება, ან პირიქით, აქტივობის დაქვეითება იყოს. მაგალითად, შეიძლება მოულოდნელად მოუსვენარი გახდეთ და ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდეთ. ან პირიქით, მთელი დღე სავარძელში ზიხართ და ნაბიჯს არ დგამთ, მოკალათებული ხართ საწოლში და იქედან აღარ დგებით.
დეპრესიას დაღლილობის განცდა ახლავს. უენერგიოდ ხართ, ძალა არ გაქვთ.
დეპრესიის დროს ადამიანი თავს უიმედოდ, დამნაშავედ, უსარგებლოდ გრძნობს. სჯერა, რომ ყველაფერში თავადაა დამნაშავე. ახსენდება, მაგალითად, ბავშვობისდროინდელი, ან წარსულის დანაშაული და მთელი დღის განმავლობაში ნერვიულობს. თვითშეფასების დაქვეითება, საკუთარი თავის დადანაშაულება, რომ რაღაც თქვენი ბრალია, დეპრესიის ერთ-ერთი ნიშანია.
გარდა ამისა, დეპრესიას კონცენტრაციის დაქვეითება ახასიათებს. მაგალითად, აქამდე ძალიან ყოჩაღი იყავით, ყველა საქმე ბოლომდე მიგყავდათ, ახლა იწყებთ, მაგრამ ვეღარ ამთავრებთ. ან აქამდე სამუშაოს ძალიან კარგად ასრულებდით, ხელმძღვანელები გაქებდათ, ახლა იწყებთ და შუა გზაში ტოვებთ, აღარ გაინტერესებთ, იმიტომ, რომ კონცენტრირება გიჭირთ.
დეპრესიის ბოლო ნიშანი, რომელიც ყველას არ აქვს, მაგრამ ზოგიერთს უვლინდება, ეს არის ფიქრები სიკვდილზე. ადამიანი ფიქრობს, რომ მის გარეშე სამყარო უკეთესი იქნებოდა.
დეპრესიის დიაგნოზის დასასმელად არ არის აუცილებელი ეს 9 ნიშანი სრულად გქონდეთ. თუ ამ 9 ნიშნიდან 5 მაინც გაქვთ, ეს დეპრესიის მანიშნებელია. თუმცა, რამდენიმე პირობის გათვალისწინება მნიშვნელოვანია: ეს ნიშნები არა 1-2 დღე, არამედ 2 კვირაზე მეტი უნდა გრძელდებოდეს. გარდა ამისა, ჩემ მიერ ჩამოთვლილი ნიშნები ყოველდღიურობაში ხელს უნდა გიშლიდეთ. ასევე, ეს ნიშნები არ უნდა უკავშირდებოდეს მედიკამენტების გამოყენებას, ცხოვრებისეულ ფაქტებს, მაგალითად, ვიღაც გუშინ გარდაიცვალა და დღეს ასე ხართ, არ უნდა უკავშირდებოდეს ნარკოტიკების მიღებას. ასევე, ფსიქოზური დაავადებებით არ უნდა აიხსნებოდეს. ასევე, ბიპოლარული დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ უნდა გქონდეთ. ამიტომ, თუ ჩამოთვლილი 9 ნიშნიდან 5 მაინც გაქვთ და ეს 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება, დიდი ალბათობით, დეპრესია გაქვთ და ამ შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ.
6 საშიში დაავადება, რომლებიც თავიდან უბრალო გაციებას ჰგავს
მოასწარით ეს ყველაფერი დეკემბრის ბოლომდე და წარმატებას, სიყვარულს და იღბალს მოიზიდავთ