საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთთან ისტორიული გამარჯვებით ევრო 2024-ზე გასვლა მოახერხა, რაშიც უდიდესი წვლილი “ლევანტეს” ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ითამაშა.
გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც Sportall.ge-მ ფეხბურთელთან 2018 წელს ჩაწერა.
-პირველ რიგში “ხირონაზე” გკითხავთ. როგორ მიდის კლუბში საქმეები და ძირითად გუნდში თქვენს გამოჩენას როდის უნდა ველოდოთ?
-ძალიან კარგად მიდის ყველაფერი. აქ რომ მოვდიოდი ვერც კი ვიფიქრებდი ესე კარგად თუ მიმიღებდნენ და ასე კარგად დალაგდებოდა სიტუაცია. უკვე სისტემატიურად ვთამაშობ U19-ში და კვირაში 3-4 ვარჯიში მეორე გუნდთან მაქვს. უბრალოდ, საბუთების გამო ჯერ არ შემიძლია სეგუნდა ბ-ში
თამაში.
-ხშირად ქართველი ფეხბურთელებისთვის დიდი პრობლემა ადაპტაცია ხდება. თქვენ როგორ შეეგუეთ გუნდს?
-ძალიან გამიადვილდა… ბავშვობიდან ვოცნებობდი და შესაძლოა მენტალურად კიდეც ვიყავი მზად. 13-14 წლის ასაკშიც მქონდა ესპანეთში წასვლის შანსი, როდესაც ანდრეას კარასკო იყო ჩამოსული თბილისის “დინამოს” აკადემიის დირექტორად. კარასკოს ძალიან მოვწონდი, მაგრამ რაღაცები მიშლიდა ხელს მაშინ წასასვლელად.
-რას იტყოდით ვარჯიშებზე, რამდენად რთული იყო ესპანური ფეხბურთის მოთხოვნების დაკმაყოფილება?
-ჩემთვის უცხო და რთული საერთოდ არ ყოფილა… ისე გამოვიდა, რომ ესპანური მენტალიტეტით გავიზარდე. “დინამოს” აკადემიაში 2 წელი კარასკოსთან ვიყავი და შემდეგ უკვე “საბურთალოში” მანოლო იეროსთან.
-თქვენ “საბურთალოში” თამაშობდით, რას იტყოდით ამ გუნდზე და მის აკადემიაზე?
-კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. განსაკუთრებით მადლობელი ვარ ყველა იმ მწვრთნელის, ვინც ჩემთან ერთად მუშაობდა. “საბურთალოში” ძალიან თბილი და მეგობრული გარემო სუფევს, სადაც შეგიძლია ყველა შენი თვისება გამოავლინო. რა თქმა უნდა, ბევრი რამეა დასახვეწი, მაგრამ იმედი მაქვს ეს ყველაფერი გამოსწორდება.
-საქართველოს ჩემპიონატზე რისი თქმა შეგიძლიათ?
-ძალიან დაძაბული თამაშებია და ეს შემდეგში დონესაც ამაღლებს. ჩემი აზრით, უფრო და უფრო განვითარდება ქართული ფეხბურთი.
-საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე თქვენი მოსაზრება რომ გვითხრათ…
-აქაც იმავეს ვიტყოდი… ნელ-ნელა წინ მიიწევს საქართველოს ნაკრები. უბრალოდ, ასე მალე რაღაც შედეგის მიღწევა შეუძლებელია. ყველა იმპერიას პატარა დასაწყისი აქვს და შემდეგ ხდება იმპერია… ასევა საქართველოს ნაკრებიც. გუნდი ეხლა იწყებს შენებას და იმედია, პატარ-პატარა წარმატებებით, დიდ გამარჯვებებს მოვიპოვებთ.
-რას იტყოდით ესპანეთში მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებზე, თუ გაქვთ მათთან ურთიერთობა?
-პირდაპირი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ მათ თამაშებს თვალს ყოველთვის ვადევნებ. იმედია, გიორგი აბურჯანიას და ოთარ კაკაბაძის გუნდები სეგუნდაში დარჩებიან, ასევე გიორგი პაპუნაშვილის “სარაგოსაც”. ისედაც ცოტანი ვართ ესპანეთში ქართველები და იმედია წინ წავიწევთ.
-რა არის გიორგი ქოჩორაშვილის მიზანი, რომელია მისი ოცნების კლუბი?
-რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი არის, რომ უმაღლეს დონეზე ვითამაშო, მაგრამ ყველა დიდი მიზანი პატარა მიზნებისგან შედგება, რომლებიც ყოველკვირეულად უნდა შეასრულო. ჯერჯერობით, პატარა მიზნები მაქვს, რომელიც დამეხმარება შემდეგში წარმატებას მივაღწიო. ჩემი ოცნების კლუბს რაც შეეხება, მადრიდის “რეალს” ვგულშემატკივრობ, მაგრამ “ბარსელონაში” ვითამაშებდი.
-თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველი ჰონორარი და რას ნიშნავდა ეს თქვენთვის?
-კიი, კარგად მახსოვს… ჩემი დეიდაშვილი და ჩემი და წავიყვანე “მაკდონალდსში”. დიდი არაფერი, მაგრამ გახარებული ვიყავი.
-19-წლამდეთა ნაკრების წვრი ხართ, რას ნიშნავს თქვენთვის ნაკრების ფორმის ჩაცმა?
-ძალიან დიდ რამეს ნიშნავს… ბავშვობაზე, როდესაც ფეხბურთს ვუყურებდი თუ როგორ მღეროდნენ ფეხბურთელები ჰიმნს, მეც ფეხზე ვდგებოდი და წარმოვიდგენდი, რომ მეც ნაკრებში ვიყავი… ეხლა როცა ნაკრების თამაშებზე ფეხზე ვდგავარ, ეს მახსენდება. ჩემთვის ძალიან დიდი რაღაცაა ნაკრებში თამაში… თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას… ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვუდგები. აქვე დიდ მადლობას გადავუხდი გიორგი ყიფიანს, რომელიც ძალიან მენდო.
-თქვენი აზრით რატომ უჭირთ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში თავის წარმოჩენა?
-იმიტომ, რომ დიდი კონკურენციაა, ძალიან დიდი… ბევრს არ ყოფნის ძალა ამ კონკურენციას გაუძლოს. ზოგი პირველი ხელფასის მერე ისე აღარ იხარჯება როგორც იქამდე… ბევრი მიზეზია, ძალიან ბევრი…
-რა შემთხვევაში იტყვის გიორგი ქოჩორაშვილი, რომ მიზანს მიაღწია და დიდი ფეხბურთი ითამაშა?
-იმ შემთხვევაში, თუ ჩემი კარგი თამაშით, საქართველოს სახელს მრავალ ქვეყანას მივაწვდენ, როგორც ეს კახა კალაძემ ქნა. კალაძეს უდიდეს პატივს ვცემ, მან დიდი შრომის შედეგად დიდებულ წარმატებას მიაღწია და თბილისის მერობასაც შესანიშნავად ართმევს თავს.
-რას ეტყოდით ქართველ გულშემატკივარს, შეგიძლიათ მიმართოთ ვისაც გსურთ…
-ქართველ გულშემატკივარს ჯერჯერობით ვერ მივმართავ… იმით დავაიმედებ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა კარგი ფეხბურთელი მოდის და მომავლის იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს. რაც შეეხება სტადიონზე დასწრებას, ამას ვერ მოვთხოვთ ჯერ გულშემატკივარს, რადგანაც ჯერ ფეხბურთელებმა უნდა გავაკეთოთ საქმე, რომ მოსული მაყურებელი კმაყოფილი გავუშვათ სახლში.