სოხუმში აეროპორტის აშენება საერთშორისო წესებთან თანხვედრაში არ არის – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ICAO-სგან სრულ მხარდაჭერას ელოდება, რადგან მათი პოზიცია თანხვედრაშია არაღიარების საკითხში.
“ჩვენი პოზიცია ცალსახა და უცვლელია. ჩვენ ვგმობთ ყველა ასეთ გადაწყვეტილებას და ეს არ არის მათ შორის უსაფრთხოების კუთხით თანხვედრაში საერთაშორისო ავიაციის წესებთან. იცით რომ ჩვენ გვაქვს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ICAO) მჭიდრო კავშირი. საქართველო არის საერთაშორისო გაერთიანების სრულფასოვანი წევრი და გვაქვს თანხვედრა არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით, სრულ მხარდაჭერას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციისგან ამ საკითხშიც”, – განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, სოხუმის აეროპორტის აღდგენა რუსეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილს სურს. აფხაზებმა მისი კომპანია ინვესტორად უკვე შეარჩიეს.
რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტში პირველი რეისი წელს უნდა შესრულდეს. ინვესტიცია 12 მილიარდ რუბლადაა შეფასებული, საიდანაც 5.6 მლრდ რუბლი რუსეთის ფინანსური დახმარებაა.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს. ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერ გაიხსნება.
აღსანიშნავია იცის, რომ 2023 წლის აგვისტოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას გამოეხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევს.
bm.ge