გავედით ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენ დავწერეთ ისტორია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გამარჯვების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
გიორგი მამარდაშვილმა მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს. არა მარტო დღეს, არამედ მთელი წელიწად-ნახევარი გვერდში გვიდგანან და გვამხნევებენ რაც შეუძლიათ. მათ დიდი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვართ და მიხარია მათთვის, რომ ისინი გავაბედნიერეთ, გავედით ევროპის ჩემპიონატზე და ოცნება ავიხდინეთ.
ემოციური თამაში იყო, გვინდოდა, რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა იმიტომ, რომ ისინი იმსახურებენ ამას“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.
მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამაც.
ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, საქართველოს ნაკრების გამარჯვება ქართველი გულშემატკივრების დამსახურებაცაა.
„უბედნიერესები ვართ, ასეთი ემოცია არასდროს არ მქონია ცხოვრებაში. მადლობა ქართველ გულშემატკივარს. 120 წუთი ასეთი გულშემატკივრობა, ბევრ სტადიონზე მაქვს ნათამაშები, მაგრამ ასეთი რამე არსად არ მინახავს. თქვენ იყავით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ გავიმარჯვეთ“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
ინფორმაციისთის, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. საქართველომ “დინამო არენაზე” საბერძნეთის ნაკრებს პენალტების სერიაში სძლია.
