გიორგი ამილახვარი ერევანში მესროპ მაშტოცის სახელობის ხელნაწერთა კვლევითი ინსტიტუტის მატენადარანის საქმიანობას გაეცნო

სომხეთში, სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ერევანში მესროპ მაშტოცის სახელობის ხელნაწერთა კვლევით ცენტრს, მატენადარანს ეწვია, სადაც ინსტიტუტის საქმიანობას გაეცნო და სომხურ ხელნაწერთა გამოფენა დაათვალიერა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მატენადარანი უძველესი სომხური ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია, სადაც 23 000-მდე ხელნაწერია დაცული, მათ შორის, X-XX საუკუნეებით დათარიღებული 45-ზე მეტი ქართული ხელნაწერი, 55-ზე მეტი ფრაგმენტი და პალიმფსესტი ინახება.
„აღსანიშნავია, რომ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და სომხეთის ხელნაწერთა კვლევით ცენტრ „მატენადარანს‘‘ შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია ერთობლივი კვლევითი პროექტის განხორციელება, რომელზეც ქართველი და სომეხი სპეციალისტები ერთობლივად იმუშავებენ“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.