პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა.
მათივე ცნობით, გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა პროკურორებს, მოსამართლეებს და ადვოკატებს აღნიშნული საბჭოს ეფექტიანი საქმიანობისთვის.
„საკითხები, რომლებიც ამ ფორმატში განვიხილეთ უმნიშვნელოვანესია საქართველოში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის, მართლმსაჯულების განვითარებისთვის, ეფექტიანობის გაზრდისთვის და პროფესიათა დაახლოებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საბჭო მომავალშიც ეფექტიანად გააგრძელებს საქმიანობას და ის გამოწვევები და პრობლემები რაც არსებობს, ვფიქრობ, ამ საბჭოს დახმარებით მომავალში გადაიჭრება“,-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.
„მათ შორის საუბარი შეეხო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებს, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ქალთა მიმართ ძალადობას, ოჯახში ძალადობას, ფემიციდს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, მართლმსაჯულების გაციფრულებას, რაც მტკიცებულებების ელექტრონულად გაცვლას გულისხმობს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
ამასთან, შეხვედრის ფარგლებში, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ერთწლიანი თემატური პროგრამა დამტკიცდა.
მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ