დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები იწყება

დედაქალაქის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც ორ ჰექტარს შეადგენს, რეკრეაციული სივრცის მოწყობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, თავდაპირველად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლითი (გამოხშირვითი/გაწმენდითი) ჭრის სამუშაოები განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, მოიჭრება თვითნათესი ხილ-კენკროვანი მცენარეები. გარდა ამისა, ტერიტორია გაიწმინდება სამშენებლო ნარჩენებისგან და მოიხსნება უკანონო შემოღობვები. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე კვირაში დაიწყება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე თანამედროვე რეკრეაციული სივრცის შექმნა იგეგმება. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების სისტემები, საბავშვო და სპორტული მოედნები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიებები: მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარე და დაითესება ბალახის საფარი.
სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება და 2024 წელს დასრულდება.