საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს

20 ნოემბერს ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე პაატა არაქელოვი ე.წ მესაზღვრეებმა უკანონოდ დააკავეს. ზემო არცევში, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის სოფლები – ქვეში, ახრისი, ჯარიაშენი და აძვი ესაზღვრებიან, ს საოკუპაციო სამხედრო ბაზა მდებარეობს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებისას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის მცხოვრები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით კომუნიკაცია შედგა საქართველოში მოქმედი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებს.
მოლაპარაკებების შედეგად ახრისის მცხოვრების გათავისუფლება მალევე მოხერხდა. სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.
ამჟამად ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება. მათ გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები დეკემბრის დასაწყისში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გაგრძელდება.