„ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერი კოლეგა ქალის, ანა ნაცვლიშვილის კრიტიკას სექსისტური განცხადებით უპასუხა.
ოდიშარიას თქმით, ნაცვლიშვილი ქალია და „მანდილის ღირსებას უნდა გაუფრთხილდეს“.
ოდიშარიამ სექსისტური განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 20 მარტს, იმ დროს გააკეთა, როცა ნინო წილოსანი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ კანონპროექტს წარადგენდა. შესაბამისად, მან სიტყვა არა კანონპროექტთან დაკავშირებით, არამედ სხვა თემაზე ითხოვა. პასუხად კი პარლამენტის თავმჯდომარისგან მხოლოდ რეპლიკის სახით თქვა: „არადა, კანონპროექტი სულ სხვა თემას ეხება“.
რაც შეეხება ანა ნაცვლიშვილს, მან ოდიშარიას ამ განცხადებამდე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ სხდომათა დარბაზში ხმაური იყო და უმრავლესობისთვის წევრებისთვის მოეწოდებინა გუნდის წევრისთვის პატივი ეცათ, როცა ტრიბუნიდან საუბრობს.
„გუშინ ვერ მოვასწარი და ქალბატონო ანა, დაანებეთ ამ მასწავლებლობას თავი, რა! სხვათა შორის, სანამ ჩვენს ზრდილობაზე დაიწყებთ აზრების გამოთქმას, თქვენს ზრდილობას მიხედეთ, რა და უსმინეთ ტრიბუნიდან თქვენს გამოსვლებს, როგორ და რა ლექსიკით ესაუბრებით კოლეგებს ან პოლიტიკურ „ისტებლიშმენტზე“ როგორ საუბრობთ, რა! ქალი ხარ და არ გეკადრება, რა! ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას, რა!“ – მიმართა ბექა ოდიშარიამ ანა ნაცვლიშვილს.
ოდიშარიას სექსისტურ განცხადებას არ გამიჯვნია ტრიბუნასთან მდგომი ნინო წილოსანი, რომელიც ამავე დროს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეა.
„ნამდვილად ვისურვებდი, რომ სხვა სახის დისკუსია ყოფილიყო აღნიშნული კანონპროექტის გამოტანაზე, თუმცა ჩავთვლი, რომ სრულად ეთანხმებით აღნიშნულ კანონის პროექტს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.